ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ამბობს, რომ „რეალს“ საკმარისი ფული აქვს რათა კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი ერთად იყიდოს.

„მადრიდელებმა 200 მილიონი ევროს ფეხბურთელები გაყიდეს, — თქვა ტებასმა ორშაბათს, ინტერვიუში, — ახლა მათ ნამდვილად აქვთ იმდენი ფული, მბაპეც რომ იყიდონ და ჰოლანდიც.

კრიზისის პერიოდში „რეალს“ ფული არ დაუკარგავს. დამატებით, როგორც გითხარით, კლუბმა კარგადაც ივაჭრა. მოკლედ, მასთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია. გაუგებარი ის არის, როგორ აქვს „პარი სენ ჟერმენს“ ერთდროულად 400 მილიონი ევროს ტოლი ვალი და 500 მილიონი ევროს ტოლი სახელფასო ფონდი.

საფრანგეთში ფინანსური კონტროლის წესები არ მუშაობს. ვითარება, რომელიც ამ ქვეყანაში შეიქმნა, მთელს ევროპულ ბაზარს აზარალებს. უეფას სისტემა არ არის სწორი. ინვესტიციები რასაკვირველია უნდა მოვიზიდოთ, მაგრამ ამან უსასრულო და ულიმიტო კონტრიბუციის სახე არ უნდა მიიღოს.

პარიზელებს ურჩევნიათ ჰქონდეთ მილიონობით ზარალი, ოღონდ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგონ. ასეთი მიდგომით ისინი ფანებს გაახარებენ, მაგრამ ფეხბურთს მო….ენ. ეს ძალიან სახიფათოა“.

რაც შეეხება „ბარსელონას“, ტებასმა თქვა: „აქ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, თუ რამდენი ვალი აქვს „ბარსელონას“, არამედ ის, აქვს თუ არა მისი გასტუმრების უნარი. ლაპარაკი იყო მილიარდ ევროზე, მაგრამ მისი მდგომარეობა ევროპული კლუბების 70 პროცენტზე უკეთესია.

„ბარსას“ covid 19-მა რასაკვირველია დაარტყა, მაგრამ კლუბი ცუდ მდგომარეობაში არ არის. ძალიან ბევრი უარეს დღეშია“.