კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ მეორე დებიუტის წინა საღამოს ახალი თანაგუნდელებისთვის სიტყვით მიუმართავს. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა „ოლდ ტრეფორდზე“ დაბრუნების შემდეგ პირველი შეხვედრა შაბათს, „ნიუკასლ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა. „მანჩესტერმა“ მოიგო 4:1.

კლუბის წევრმა, რომელიც რონალდუს მიმართვას ესწრებოდა, ამბავი გამოიტანა, რომ მას მწვრთნელებით დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული ყველა გარინდული უსმენდა.

„მე „მანჩესტერ იუნაიტედში ორი მიზეზით დავბრუნდი, — უთქვამს კრიშტიანუს, — პირველი მიზეზი ის არის, რომ ეს კლუბი მიყვარს, ხოლო მეორე ის, რომ მიყვარს გამარჯვებულის მენტალიტეტი, რითაც „იუნაიტედი“ ყოველთვის გაჟღენთილი იყო.

მე აქ ჩირლიდერობისთვის არ მოვსულვარ. ბიჭებო, თუ თქვენ წარმატებას ეძებთ, მაშინ ეს კლუბი გულის სიღრმემდე უნდა გიყვარდეთ. თქვენ ამ კლუბისთვის უნდა ჭამდეთ, გეძინოთ და იბრძოდეთ. მოედანზე ხართ თუ არა, თანაგუნდელებს ყოველთვის მხარს უნდა უჭერდეთ და კლუბისთვის 100 პროცენტი უნდა გაიღოთ.

მე აქ იმიტომ დავბრუნდი, რომ გავიმარჯვო. გამარჯვება გვაბედნიერებს. მე მინდა ბედნიერი ვიყო. თქვენ?“

კრიშტიანუ რონალდუმ აგრეთვე თქვა, რომ გულისტკივილით ადევნებდა თვალს, თუ როგორ უჭირდა „მანჩესტერ იუნაიტედს“ სერ ალექს ფერგიუსონის მწვრთნელის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ. მაგრამ, მან ისიც დასძინა, რომ ახლანდელ გუნდში დიდ პოტენციალს ხედავს და წარმატებაში დარწმუნებულია.

„თქვენ ყველანი შესანიშნავი ფეხბურთელები ხართ. მე თქვენი მწამს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ დავბრუნდებოდი. ფანები მხარში დაგვიდგებიან.

ერთ დღეს, როდესაც თამაშს თავს დავანებებ, მე წავალ, გამარჯვებულის მენტალიტეტი კი დარჩება და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დიდ გამარჯვებებს მოიპოვებს, როგორც ამას ჩვენ, წინა თაობა ვაკეთებდით ოდესღაც.

მე მზად ვარ გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო, მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება. მზად ხართ, საბრძოლველად? მზად ხართ, რომ მოედანზე ყველაფერი დადოთ? “, — თქვა რონალდუმ და პასუხად თანაგუნდელების ოვაცია მიიღო.