წამყვანმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის მეორე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
პირველი ტურის შემდეგ ხსენებულმა გამოცემამ საუკეთესო თხუთმეტეულში ორი ბორჯღალოსანი შეიყვანა – „ტულონის“ ბურჯი ბექა გიგაშვილი და „ბიარიცის“ მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია.
გასული შაბათ-კვირის მიხედვით კი „მიდი ოლიმპიკმა“ „ბორდოსა“ და საქართველოს ნაკრების ბურჯი ლექსო ყაულაშვილი გამოარჩია. ლექსომ მეორე ტურში „სტად ფრანსესთან“ 37:10 მოგებული მატჩის პირველი ტაიმი ჩაატარა. შერკინებებში ყაულაშვილის უშუალო მეტოქე ვეტერანი ბორჯღალოსანი ვასილ კაკოვინი იყო, ვის წინააღმდეგ დგომაც ნებისმიერ ბურჯს უჭირს. ლექსოს ფორმაში შესვლა კარგი ამბავი ეროვნული ნაკრების თავკაცთათვისაც უნდა იყოს.