ოთხი ტურის შემდეგ, ლა ლიგის ცხრილს 10 ქულით „რეალი“, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ და „ატლეტიკო“ ლიდერობენ. სეზონის წინ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ „ღამურები“ ასეთ კამპანიაში ამოყოფდნენ თავს. ცხრილის ზედა სამეულში უმალ „ბარსელონას“ დაასახელებდნენ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. მეხუთე ტურში კი მამარდაშვილის გუნდი უკვე სერიოზული გამოცდის წინაშე წარსდგება — ის „მესტალიაზე“ „რეალს“ უმასპინძლებს. „რეალი“არც „ხეტაფეა“ (1:0), არც „გრანადა“ (1:1), არც „ალავესი“ (3:0) და არც გუშინდელი მეტოქე „ოსასუნა“, რომელსაც „ღამურებმა“ პამპლონაში 4:1 მოუგეს.

AS-მა დაწერა, „ვალენსია“ მეორეზეა და ეს ანეკდოტი არ გეგონოთო. აქ სახუმარო მართლაც აღარაფერია რადგან იგივე გაზეთი წერს, რომ ხოსე ბორდალასის ხელში გუნდმა გააკეთა ის, რაც 10 იანვრის შემდეგ არ გაუკეთებია — სტუმრად მოიგო; 2020 წლის თებერვლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა ზედიზედ ორ შეხვედრაში; პამპლონაში მისი წინა ორი სტუმრობა მარცხით დასრულდა, ახლა კი „ესტადიო ელ სადარიდან“ სამი ქულა წამოიღო; სტუმრად გაიტანა 4 გოლი, რაც 2019 წლის 7 დეკემბრის შემდეგ ვერ მოუხერხებია და სეზონის დასაწყისში 12 შესაძლებლიდან 10 ქულა მოაგროვა, ასეთი სტარტი კი 2014-15 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია.

გიორგი მამარდაშვილი კვლავ შემადგენლობაში იყო. მე-8 წუთზე „ოსასუნა“ დაწინაურდა. გოლი იონ მონკაიოლამ გაიტანა, თუმცა ამ ეპიზოდში ქართველ მეკარეს არაფერი დაუშავებია, სტუმრების დაცვა იყო არეული.

შემდგომ, მამარდაშვილმა კიკეს დაბალი დარტყმული მოიგერია კარგად, რამდენიმე სწორი გამოსვლა შეასრულა, ბოლოს კი მართალია დარკო ბრაშანაჩმა გაუტანა, მაგრამ მსაჯმა მომენტი VAR-ზე გადაამოწმა და ნახა, რომ როდესაც 29 წლის სერბმა ბურთს ფეხი მუიკრა, წაართვა და კარში შეაგდო, მეკარეს ის უკვე ხელში ჰქონდა დაფიქსირებული, როს გამოც თავდამსხმელი დაჯარიმდა.