ეს მართლაც ზღაპრის სიუჟეტია. სამი თვის წინ, 8 ივნისს, 18 წლის ემა რადუკანუ მსოფლიოს 366-ე ჩოგანი იყო და WTA ტურის ტურნირის ძირითად ბადეში პირველად ითამაშა. როგორც ბრიტანეთის ახალგაზრდა ჩოგბურთელთა პროგრამის სტიპენდიანტმა, ნოტინგემის ტურნირის “ველური ბარათი” მიიღო და… პირველივე წრეში დამარცხდა.

მომდევნო სამ თვეში მან სულ სამ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და აქედან ორი “დიდი მუზარადის” იყო. “მშობლიურ” უიმბლდონზე მან 1/8-ფინალში გააღწია, რაც უკვე სენსაცია იყო, ახლა კი US OPEN-ს ქარბორბალასავით გადაუარა და ორშაბათიდან მსოფლიოს 23-ე ჩოგანი გახდება. აშშ-ის ღიას დაწყებისას ემა რადუკანუ რეიტინგში 150-ე იყო და ბრძოლაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო. ჯამში მან 10 მატჩი გამართა და სეტიც კი არავისთვის დაუთმია, სხვებზე მეტად კი ქართველ მარიამ ბოლქვაძესთან გაუჭირდა, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე სხვებზე მეტი – 8 გეიმი აართვა. ფინალში რადუკანუ 111 წუთში გაუსწორდა ლეილა ფერნანდესს – 6:4, 6:3. მართალია, ფერნანდესი თავადაც თინეიჯერია, მაგრამ ფინალამდე ზედიზედ 4 ტოპ-მეჩოგნე გაისტუმრა სახლში და ფავორიტადაც ითვლებოდა. თურმე, სულ ტყუილად. ემა რადუკანუ შეიქნა პირველი ჩოგბურთელი ქალთა და ვაჟთა შორის, რომელმაც სლემტიტული საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოიგო.

ბუნებრივია, რადუკანუ ერთბაშად მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. ყველა ერთ კითხვა სვამს: ვინ არის და საიდან მოვიდა ეს გოგონა? ემა რუმინელი მამის და ჩინელი დედის ერთადერთი შვილია. ის კანადურ მონრეალში დაიბადა, ორი წლის შემდეგ კი ოჯახი ლონდონში გადასახლდა. ფინანსისტ მშობლებს სურდათ, გოგონა მრავალმხრივ განვითარებული ყოფილიყო და რაზე აღარ მიაბარეს: ბალეტი და ცურვა, ცხენოსნობა და გოლფი, კარტინგი და მოტოკროსი… ინჟინერმა მამამ ემას პროექტირებისა და მშენებლობის მიმართ ინტერესი გაუღვივა. მოკლედ, ამ ვუნდერკინდი გოგონას ხელში კარგა ხანს არ მოვიწყენთ. მან ხომ სკოლა ეს-ესა დაამთავრა და უკვე ჟურნალ Vogue-სთვის პოზირებს.

წილი
წინა სტატიატიაგო კესიეში გავცვალოთო
შემდეგი სტატიამამარდაშვილის ვალენსია სამეულშია
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".