„ლივერპულის“ გერმანელმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ინგლისელ კოლეგას გარეთ საუთგეიტს უსაყვედურა. კლოპის აზრით, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველია და ნაკრებში მისი ნახევარმცველის პოზიციაზე გადაყვანა შეცდომაა.

22 წლის ლივერპულელმა გასულ შაბათს ანდორასთან სანაკრებო შეხვედრის პირველ ტაიმში, მოედნის შუაში თამაში დააჭაშნიკა. ინგლისმა ანდორას 4:0 მოუგო და I ჯგუფს 16 ქულით ლიდერობს.

მოსაზრებამ, რომ ალექსანდერ-არნოლდს ნახევარმცველობაც შეუძლია, არ გაამართლა. საუთგეიტმა შესვენების შემდეგ ის ჩვეულ პოზიციაზე დააბრუნა.

კლოპი ამბობს, რომ ასეთი ექსპერიმენტები სრულიად უსაგნოა, რადგან როდესაც საჭიროა, ალექსანდერ-არნოლდი ნახევარმცველის ნომინალურ პოზიციაზე უფრო წინ თამაშობს.

კვირას მერსისაიდელებს „ლიდსთან“ აქვთ შეხვედრა, რომლის წინ გაიმართა ტრადიციული პრეს-კონფერენცია, სადაც კლოპმა თქვა:

„თუ ჩვენს თამაშებს თვალყურს ადევნებთ, შეამჩნევდით, რომ საჭიროების შემთხვევაში ტრენტი სხვადასხვა როლს ასრულებს. ამიტომაც არ არის საჭირო მისი ნომინალურ ნახევარმცველად გამოყვანა.

ცოტა უხერხულია, როდესაც დღევანდელ ეპოქაში ასეთ რამეებზე კიდევ ვლაპარაკობთ. კარგი ფეხბურთელი ყველგან თამაშობს. იმ შეხვედრებში, როდესაც ინგლისის ნაკრები ან „ლივერპული“ დიდ უპირატესობას ფლობს, ტრენტს რასაკვირველია შეუძლია რეალური ნახევარმცველის ფუნქციის შესრულება, მაგრამ ტყუილია, რომ თუკი მას თავიდანვე ათი მეტრით წინ დავაყენებთ, ის თამაშზე უფრო დიდ გავლენას მოახდენს“.

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს „ლივერპულის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 132 შეხვედრაში ერთადერთხელ აქვს ნათამაშები ნომინალური ნახევარმცველის პოზიციაზე. ეს 2018 წელს, „სტოკ სიტისთან“ შეხვედრაში მოხდა.

მართალია, ალექსანდერ-არნოლდი „ლივერპულის“ გამორჩეული ფეხბურთელია და კლოპი მას მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველს უწოდებს, მაგრამ ნაკრებში კონკურენციაა. ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად მერსისაიდელმა უნდა აჯობოს კაილი უოქერს, რის ჯეიმსს და კიერან ტრიპიერს.

ტრენტ ალექსანდერ არნოლდს ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 14 თამაში აქვს ჩატარებული. მან ევრო 2020 ტრავმის გამო გამოტოვა და არც ოთხშაბათს ათამაშეს პოლონეთთან 2:2 დამთავრებულ შეხვედრაში.