დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებული კრიშტიანუ რონალდუს დებიუტს ელოდებიან და 2003 წლის ამბავს იხსენებენ, როდესაც 18 წლის პორტუგალიელმა პირველად ითამაშა ამ კლუბის მაისურით „ბოლტონის“ წინააღმდეგ.

იმ თამაშში რონალდუმ კამერუნელ ერიკ ჯემბა-ჯემბასთან ერთად შედგა მოედანზე ფეხი. ჯემბა-ჯემბაც პირველად თამაშობდა მანჩესტერული გუნდის სახელით.

ჯემბა-ჯემბა დღეს 40 წლის არის და იგონებს: „კრიშტიანუს და მე „ბოლტონთან“ ერთად გვქონდა დებიუტი. იმ დღეს, რასაკვირველია წარმოდგენა არ მქონდა რა მოხდებოდა მომავალში, მაგრამ ყმაწვილი რონალდუს მხარდამხარ თამაში მაინც მეამაყებოდა. ჩვენ სათადარიგოთა სკამზე ერთად დავსხედით. კრიშტიანუ თამაშზე ლაპარაკობდა. რაღაცებს ვხუმრობდით.

შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონი მოგვიტრიალდა და გვითხრა: ერიკ, კრიშტიანუ — გახურდით. მალე ორივენი მოედანზე შევედით. რონალდუს სულ ბურთთან უნდოდა ყოფნა.

ყველამ კარგად იცოდა რანაირი ბავშვიც იყო. მუდმივად რაღაც ფინტების და ხრიკების კეთება უნდოდა. „ბოლტონთანაც“ ზუსტად ასე მოიქცა.

ის ვარჯიშზე ყოველდღე სხვებზე ადრე მიდიოდა და დარბაზში ვარჯიშობდა. ვარჯიშის შემდეგაც დარბაზში შედიოდა.

ხანდახან ბაზაზე მისი ან ჩემი მანქანით მივდიოდით. ასეთ დროს, როდესაც ის დარბაზში რჩებოდა, ვეუბნებოდი: გეყოფა, კრიშტიანუ, სახლში წავიდეთ.

ჩვენ ხშირად დავდიოდით სწრაფი კვების რესტორან Nando’s-ში. მას შემწვარი ქათამი უყვარდა. მეც სუნელებიან ქათამს ვუკვეთავდი.

თავისუფალ დროს ერთად დავდიოდით კინოში. მასთან, სახლში, ფეხბურთებს ვუყურებდით. შოპინგზეც ბევრჯერ ვყოფილვართ ერთად დინსგეიტში ან ტრეფორდ ცენტრში. ასეთ დროს თავს ტურისტებად ვგრძნობდით“.

რონალდუს დებიუტი კარგად ახსოვს ნიკი ჰანტსაც. დღეს ის 38 წლისაა და ჩრდილოეთის პრემიერ ლიგის პრემიერ დივიზიონის ანუ ინგლისური საკლუბო ფეხბურთის მეშვიდე საფეხურის გუნდის „ეშტონ იუნაიტედის“ მოთამაშე მწვრთნელია. 2003 წელს კი ის „ბოლტონში“ იყო და მოედანზე ახალი შემოსული რონალდუს მეურვეობა დაევალა.

ჰანტი: „იმისთვის, რაც მან იმ დღეს აკეთა, ვერ მოემზადები. რონალდუმ ყველაფერი ყირაზე დააყენა. მოედნის კიდიდან სემ ელერდაისი და ფილ ბრაუნი მიყვიროდნენ: მიარტყი! მიარტყი! და მეც არაპირდაპირი მნიშვნელობით სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობდი“.