არსენ ვენგერმა ევროპელების პროტესტი აინუნში არ ჩააგდო და დოჰაში, ვეტერანი ვარსკვლავების წინაშე თავისი ახალი პროექტის წარდგინება მოაწყო. გეგმა მსოფლიოს ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებას ეხება.
ვენგერი ამტკიცებს, რომ მისი (იგივე ფიფას) პროექტი ფეხბურთელების გადაღლას შეამცირებს, თამაშის ხარისხს აამაღლებს და სანაკრებო მატჩების რაოდენობასაც შეკვეცავს.
ფიფა, რომელსაც მხარს ევროპის გარდა სხვა კონტინენტები და მათი ფედერაციები სავარაუდოდ დაუჭერენ, ცდილობს თავისი ცვლილებები საახალწლოდ დაამტკიცოს, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ კენჭისყრა, რომელშიც 211-მა ეროვნულმა ასოციაციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მაისამდე ვერ გაიმართება.
ვენგერის პროექტს მხარს უჭერენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ბრაზილიელი რონალდო, ავსტრალიელი ტიმ კეჰილი, დანიელი პიტერ შმაიხელი, მაგრამ ყველაფრის კარგად გააზრებასაც დრო სჭირდება.
მთავარი იდეა მსხვილი სანაკრებო შეჯიბრებების ყოველ წელიწადს ჩატარებაა. ვენგერს სურს, რომ 2026 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს ჩემპიონატები ყოველ ლუწ წელიწადს, კონტინენტური ჩემპიონატები (ევროპის, კოპა ამერიკა, აფრიკის ერთა თასი და ა.შ) კი ყოველ კენტ წელიწადს გაიმართოს.
გეგმის თანახმად, მნიშვნელოვნად შეიკვეცება უსაშველოდ გაწელილი შესარჩევი ეტაპი, რომელიც სამხრეთ ამერიკაში 18 მატჩამდეც კი აღწევს. ვენგერი ამბობს, რომ საკვალიფიკაციო შეჯიბრება უნდა დავიდეს 6-7 შეხვედრამდე, რომლებიც ან მხოლოდ ოქტომბერში ან ოქტომბერსა და მარტში გაიმართება.
თუ მართლა ასე მოხდება, ფეხბურთელებს ოთხი წლის განმავლობაში აღარ მოუწევთ ათასობით კილომეტრის წინ და უკან ფრენა და შესარჩევი შეხვედრებიც უფრო „აზრიანი“ გახდება.
და რაც მთავარია, ვენგერის აზრით რაც უფრო ხშირად ჩატარდება მსოფლიოს ჩემპიონატი, მით უფრო ამაღლდება ფეხბურთის დონე.
ფრანგმა თქვა: „2026 წლიდან ჩვენ ვაპირებთ მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რაოდენობა 48-მდე გავზარდოთ. აფრიკას ხუთის ნაცვლად ცხრა ადგილი უნდა მივანიჭოთ. ამასთან, რაც უფრო ხშირად ჩატარდება მუნდიალი, მით უფრო ხშირად მიეცემათ ქვეყნებს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა.
დიდ ვარსკვლავებს დიდი მატჩები სჭირდებათ. ნებისმიერი ფეხბურთელი უმაღლესი რანგის ტურნირებზე ოცნებობს.
დღეს არსებული ფორმატით ფეხბურთელები დაუსრულებლად მოგზაურობენ რაც მატჩების დიდ რაოდენობაზე უარესია“.
ვენგერის პროექტის პასუხად უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ამბობს, რომ ევროპის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები ბოიკოტს გამოაცხადებენ, თუმცა მის ვარაუდს ფიფა არ იზიარებს. მეორე მხრივ, არსებობს დეტალები რომლებმაც შეიძლება კამათი გამოიწვიონ.
კერძოდ, ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მიაჩნია, რომ ახალი პროექტი ივნისის გადატვირთვას და საკლუბო სეზონისთვის მიბმას გამოიწვევს.
ამის საკომპენსაციოდ არის მოსაზრება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატები ოქტომბერში გადაიტანონ, რის წყალობითაც მათი გამართვა აღმოსავლეთის ცხელ ქვეყნებშიც გახდება შესაძლებელი. ფეხბურთელები გადაბმული სეზონისგან ამოისუნთქავენ.
ბევრის აზრით, როგორც კი ვენგერის პროექტი დამტკიცდება, ინფანტინო იანვარში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის იდეას წამოჭრის. ლაპარაკია შეჯიბრებაზე 24 კლუბის მონაწილეობით.
ვენგერი ცდილობს ეს ეჭვი გააქარწყლოს: „ჩვენ უპირველეს ყოვლისა სანაკრებო კალენდრის რეორგანიზაციას ვცდილობთ. როდესაც ამას მოვრჩებით, შემდეგ დავიწყებთ ფიქრს სჭირდება თუ არა გადაკეთება საკლუბო შეჯიბრებათა ფორმატს.
მთავარი ამოცანაა გულშემატკივარს ყველაფერი მარტივად მოვუწყოთ. მე ფეხბურთის გაუმჯობესება მევალება.
ორი ხელით ვემხრობი საკლუბო და სანაკრებო თამაშების 80/20 ბალანსს“.
ლეგენდარულმა რონალდომ თქვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატების დროს მთელი კაცობრიობა ჩერდება და ჩინებული იქნება თუ ამ შეჯიბრებას ორ წელიწადში ერთხელ ჩაატარებენ.
შმაიხელი: „დანიის ნაკრებს 14 წელიწადი ვემსახურე და მხოლოდ ერთხელ ვიყავი მსოფლიოს ჩემპიონატზე, ამიტომ ვენგერის ცვლილებებს მთელი გულით ვუჭერ მხარს“.





