კატალონიური გაზეთი „სპორტი“ „ბარსელონას“ მთავარი მოქიშპის მადრიდის „რეალის“ საქმეებს მიმოიხილავს და ვარაუდობს, რომ „თეთრები“ შეცდნენ, როდესაც „რენისგან“ 18 წლის ედუარდო კამავინგა იყიდეს.

მადრიდელებს კამავინგა 30 მილიონი ევრო დაუჯდათ, მაგრამ შედეგების მიხედვით ამ თანხას შეიძლება კიდევ 15 მილიონი დაემატოს. ფრანგულ კლუბთან ნახევარმცველის კონტრაქტს ვადა გაისად ზაფხულში უნდა გასვლოდა.

„სპორტი“ ფიქრობს, რომ კამავინგა „რეალის“ თავკაც კარლო ანჩელოტის თავსატეხს გაუჩენს, რადგან ნათელი არ არის რა ფუნქცია უნდა იკისროს მან.

მადრიდელებს ჰყავთ სამი წამყვანი ნახევარმცველი, კაზემირო, ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში ზურგს უმაგრებენ ფედე ვალვერდე, ისკო და დანი სებალოსი. შესაბამისად, „რენის“ საკვანძო ფეხბურთელი ახალ გუნდში შეიძლება მყარად დაჯდეს სათადარიგოთა სკამზე.

სტილის მიხედვით კამავინგა ის ნახევარმცველია, რომელიც ხშირად ერთვება შეტევაში. მას უკან ვერ დააბამ. ესე იგი, ის კაზემიროს ჩამშლელი ნახევარმცველის ფუნქციას არ შეეცილება.

სავარაუდოდ, ის არც კროოსის კონკურენტია, რადგან გერმანელი მოედანს ჩინებულად ხედავს და უკიდურესად დისციპლინირებულია. კამავინგას ეს თვისებები „რეალის“ ვეტერანის დონეზე ნამდვილად არ აქვს განვითარებული.

დარჩა მოდრიჩი, მაგრამ ხორვატის შემადგენლობიდან ამოგდება უძნელესი საქმეა, რადგან ასაკის მიუხედავად ის შესანიშნავად თამაშობს.

აქედან დასკვნა: ანჩელოტის კამავინგას ადაპტირებისთვის დიდი მუშაობა და ტვინის ჭყლეტა დასჭირდება. ის „რეალში“ ვერ იქნება ისეთივე გამორჩეული ფიგურა, როგორიც იყო „რენში“. მას საფრანგეთის ჩემპიონატის სამ სეზონში აქვს მონაწილეობა მიღებული (71 მატჩი) და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. მადრიდელები ვერ მისცემენ თავს იმის უფლებას, რომ რეგულარულად ათამაშონ შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც გოლები ვერ გააქვს.