მიკელ არტეტა „არსენალში“ დაუსრულებელმა კოვიდპრობლემებმა დაღალა. ამჯერად, სანაკრებო კვირეულის დასრულების შემდეგ, მის 28 წლის შვეიცარიელ ფეხბურთელს გრანიტ ჯაკას მოუწია შინ დარჩენა. მას covid 19 შეეყარა.

არტეტა, რომელიც 2020 წლის მარტში თავად პრემიერლიგის პირველი კოვიდინფიცირებული გახლდათ, ამბობს: „ჩვენ არ გვინდა ვირუსის ლუკმა გავხდეთ, ამიტომ ის ფეხბურთელები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს იტყვიან, გარკვეულ ასპექტებში შეიზღუდებიან.

თუკი ფეხბურთელი აუცრელია, ამასთან მოგზაურობს და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნასაც არ ერიდება, მაშინ რისკის ქვეშ დგას, ამაში კი ჩვენი გუნდი ფასს იხდის. ჩვენ ყველას უნდა გავაგებინოთ რატომ ვითხოვთ მათგან ორი დოზით ვაქცინაციას.

ზოგი მოთამაშე აცრას თავს არიდებს. შესაძლოა მიზეზი ჯანმრთელობასთან, მსოფლმხედველობასთან, რწმენასთან ან განათლებასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ კლუბსაც აქვს თავისი პოზიცია. გვინდა „არსენალისთვის“ რისკი მინიმუმადე დავიყვანოთ.

თუმცა, ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ჩვენ ამ წესს ვითვალისწინებთ“.

პრემიერლიგის კლუბთა შორის „არსენალი“ კორონა ვირუსმა ალბათ ყველაზე მეტად დააზარალა. მარტო ამ სეზონში სახადი შეეყარათ პიერ ემერიკ ობამეიანგს, ალექსანდრ ლაკაზეტს, ბენ უაითს, ვილიანს და ალექს რუნარსონს. მათ თამაშები გამოტოვეს.

გასულ სეზონში ავად იყო ბრაზილიელი ცენტრალური მცველი გაბრიელ მაგალიაეში. კლუბში გახშირებული შემთხვევების გამო, მაიამიში სეზონისწინა შეკრება ჩაიშალა.

იმ ფეხბურთელებს შორის, ვისაც კოვიდი დაემართა რასაკვირველია, ზოგი აცრილიც იყო. ამიტომ, „მეთოფეებმა“ დამატებით ზომას მიმართეს და ყოველ სამ დღეში ყველა მოთამაშეს ტესტს უტარებენ.

და კიდევ ერთი სიახლე „მეთოფეთა“ ბანაკიდან, რომელიც ვირუსთან არ არის დაკავშირებული. არტეტა 22 წლის იაპონელი ცენტრალური და მარჯვენა მცველის ტაკეჰირო ტომიასუს საბუთების მოწესრიგებას ელის, რათა „ბოლონიასგან“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, 19 მილიონ გირვანქად ნაყიდმა ფეხბურთელმა ბოლოს და ბოლოს შეძლოს ახალ გუნდში თამაში.

არტეტა: „ტომისთვის უპირველეს ყოვლისა ბრიტანეთში შრომის ნებართვა გვჭირდება. ის ინგლისში პირველად ჩამოდის და შევხედავთ, როგორ გამოიჩენს ვარჯიშებზე თავს. ტომი „ბოლონიაში“ თამაშობდა, ამიტომ ფიზიკურად წესით მზად უნდა იყოს. ტომიასუს თამაშმა ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა და ამიტომ გადავწყვიტეთ მისი შეძენა“.