კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქერინგტონის საწვრთნელ ცენტრს დაუბრუნდა. მან, ირლანდიასთან მიღებული ყვითელი ბარათის გამო, წუხელ აზერბაიჯანისა და პორტუგალიის ნაკრებთა შეხვედრა გამოტოვა და საკლუბო საქმეებს მიხედა.

ქერინგტონში, სადაც კრიშტიანუმ ბოლოს 2009 წელს ივარჯიშა, მთავარი ცვლილება ის იყო, რომ მას სერ ალექს ფერგიუსონის ნაცვლად ყოფილი თანაგუნდელი ოლე გუნარ სულშერი შეეგება. სანამ 36 წლის ვარსკვლავი სანაკრებო თამაშების პერიოდში კლუბში დარჩენილ ახალ თანაგუნდელებთან მოედანზე გავიდოდა და ბევრ მათგანს პირველად ჩამოართმევდა ხელს, ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ცალკე ილაპარაკეს.

„იუნაიტედმა“ ტიკტოკზე გააზიარა კლიპი, თუ როგორ გადიან ამის შემდეგ კრიშტიანუ და ხუან მატა მოედანზე, ბიჭებთან.

რაც შეეხება რონალდუს პირველ თამაშს, ყველა ელოდა, რომ შაბათს, „ნიუკასლ იუნაიტედთან“ ის უკვე სასტარტო შემადგენლობაში იქნებოდა, მაგრამ ინგლისურ პრესაში გაჟონა არცთუ აზრს მოკლებულმა ცნობამ იმასთან დაკავშირებით, რომ დებიუტი შეიძლება სამშაბათამდე გადაიდოს. სამშაბათს კი „იუნაიტედი“ შვეიცარიაში, „იანგ ბოიზს“ ხვდება. ეს გახლავთ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა, რომელშიც კრიშტიანუ უეჭველად სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

რა არის დებიუტის რამდენიმე დღით შესაძლო გადადების მიზეზი? ის, რომ რონალდუ მანჩესტერელთა ძირითად შემადგენლობას პარასკევამდე ვერ შეხვდება — სხვადასხვა ნაკრებში გაწვეული ფეხბურთელები ქერინგტონში 10 სექტემბრამდე ვერ ბრუნდებიან — რაც იმას ნიშნავს, მათ ერთმანეთის საქმეში, თუნდაც ვარჯიშზე გასაცნობად ფაქტობრივად დრო არ ექნებათ.

რაიმე შეიცვალა თუ არა ვერ გეტყვით, მაგრამ თავდაპირველი გეგმის თანახმად, შაბათს, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ნიუკასლის“ შეხვედრის ტელევიზიით გაშუქებას არ აპირებდნენ. მიზეზი: ამ ხერხით „ოლდ ტრეფორდზე“ ბილეთების მაქსიმალური რაოდენობის გაყიდვას ფიქრობდნენ და ამ მიდგომას ეფექტი მართლაც ჰქონდა. იყვნენ გულშემატკივრები, რომლებმაც ონლაინ, ბილეთში 2500 გირვანქას იხდიდნენ.