საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკიდან საქართველოში დაბრუნდა.
მოგეხსენებათ, 2 ივლის ბორჯღალოსნებს პრეტორიაში „ქურციკებთან“ ტესტ-მატჩი ჰქონდათ, რომლის შემდეგაც გაიმართა ტრადიციული ბანკეტი. სწორედ ამ ღონისძიებისას დაინფიცირდა COVID 19-ით ჩვენი ნაკრების მწვრთნელი, ისევე როგორც აფრიკელთა დამრიგებელი და ორივე გუნდის მოთამაშეები თუ ოფიციალური პირები.
ყველამ კორონავირუსი მეტ-ნაკლებად იოლად გადაიტანა, აი, მაისაშვილს კი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დაუმძიმდა, რომ ის იოჰნესბურგში გადასაყვანი გახდა, სადაც საუკეთესო კლინიკაში მოთავსდა.
სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ მკურნალი ექიმები პროგნოზებისგან თავს იკავებდნენ. მაგრამ, როგორც თბილისში ჩამოსული მაისაშვილი აცხადებს, ღმერთის წყალობამ და მის ჯანმრთელობაზე ხალხის ლოცვამ ეს ვერაგი სენი მაინც დაამარცხებინა.
მაისაშვილი რეაბილიტაციას თბილისში გააგრძელებს და იმედოვნებს, რომ ოქტომბრისთვის, ანუ „შავი ლომის“ მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.