ფეხბურთის თამაშის არსი, მთავარი მიზანი, გოლის გატანაა! გოლი თუ არ გაიტანე, ვერ გაიმარჯვებ! შესაბამისად, ფეხბურთის იდეა შეტევაა!
თამაშის დაწყების, ბურთის თამაშში შეყვანის წესიც ამ იდეის შესაბამისი იყო: მინდვრის ცენტრში, მოწინააღმდეგის კარისკენ სახით მდგომ ფეხბურთელს წინ უნდა გაეგორებინა ბურთი თანაგუნდელისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ ითვლებოდა თამაში დაწყებულად. ამიტომ იყო რომ მინდვრის ცენტრში ორი ან, ზოგ შემთხვევაში, სამი ფეხბურთელიც იყრიდა თავს.
აი, ასე, როგორც ამ ფოტოზე ელიან პიერლუიჯი კოლინასგან თამაშის დაწყების ნიშანს რონალდო, რონალდინიო და რივალდო! ანუ, ბურთზე პირველივე შეხება სიმბოლურად, ფეხბურთის სულისკვეთების შესაბამისად, შეტევას იწყებდა! თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ეს მხოლოდ სიმბოლური არ იყო! ხშირად რეალურადაც იწყებოდა შეტევა და არც თუ იშვიათად, საკმაოდ მწვავეც.
ისეთი შემთხვევებიც არაერთი გვახსოვს, როცა ცენტრიდანვე, ბურთზე მეორე შეხებიდანვე, გოლიც გასულა!
რატომ შეცვალეს ეს წესი??? რა პრაქტიკული სარგებლობა მოუტანა ფეხბურთს თამაშის დაწყების ახალმა ფორმამ? არანაირი!!!
პირიქით, ჩემი აზრით, დაამახინჯა ფეხბურთის არსი, შეამცირა თამაშის შემტევი პოტენციალი: თითქმის გამორიცხა მყისიერი შეტევის დაწყების შესაძლებლობა და პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანა მეორე შეხებით გოლის გატანის ალბათობა!
რა არის ამაში დადებითი??? არაფერი!!! აბა რას ემსახურებოდა ეს სიახლე??? ეს შეკითხვა უპასუხოდ რჩება, სამწუხაროდ თუ მავანი ჩინოვნიკის ჭირვეულობას, ახირებას არ დავასახელებთ.
ფეხბურთის ნებისმიერი წესი მხოლოდ შეტევის წახალისებისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან ფეხბურთის მთავარი არსი, პირველივე დღიდან, გოლის გატანაა და მაყურებელი სტადიონზე გატანილი გოლების სანახავად დადის!!!





