საფრანგეთის ტოპ 14-ის 2021-2022 წლების სეზონი ქართველთათვის ერთობ დამაიმედებლად დაიწყო. სასტარტო ტურის 7 მატჩში ჩვენი ნაკრების 16-მა ყოფილმა, მოქმედმა თუ მომავალმა წევრმა მიიღო მონაწილეობა!
ეს კი არა, ამ 16-დან ცხრა კაცი თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო ამათგან სამმა სულაც შეუცვლელად ითამაშა!
ჰოდა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ყველა ზემოთმოყვანილი რიცხვი სარეკორდო და უპრეცედენტოა ქართული სარაგბო ლეგიონისთვის!
გარდა ამისა, რამდენიმე ქართველს დებიუტი ჰქონდა ევროპის უძლიერეს ლიგაში.
თუმცა, დროა, ლირიკიდან საკუთრივ სარაგბო თემაზე გადავერთოთ.
რეგულარული სეზონი ბასკეთში ადგილობრივი „ბიარიცისა“ და მრისხანე „ბორდოს“ დაპირისპირებით დაიწყო და ეგრევე სენსაცია დაფიქსირდა. საფრანგეთისა და ევროპის ოდესღაც უძლიერესმა გუნდმა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ტოპ 14-ში დაბრუნება ბრწყინვალე თამაშითა და გამარჯვებით აღნიშნა – 27:15. მეტიც, 74-ე წუთამდე ანგარიში 27:3 იყო და მხლოდ საფინიშო მოდუნებამ შეამცირებინა ბორდოელებს ჩამორჩენა მეტ-ნაკლებად ღირსეულამდე.
თორნიკე ჯალაღონია ბასკთა სასტარტოში იყო და 75-ეზეღა შეცვალეს და თამაშის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი სწორედ ქართველმა მესამეხაზელმა შექმნა — დაცვაში თამაშისას სტუმართა გადაცემა ჩაჭრა, ბურთიანად ლამის მთელი მოედანი გადასერა და ბორდოელმა ცენტრმა ლელოდან 10-15 მეტრშიღა შეაჩერა, თუმცა ჯალაღონიას პარტნიორები მიყვნენ და ლელო მაინც გავიდა.
უშანგი ჭეიშვილი შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა, ხოლო „ბორდოს“ სასტარტოში ლექსო ყაულაშვილი იყო, ვინც 58-ე წუთზე ლაშა ტაბიძემ შეცვალა.
შემდეგ გაიმართა „ბრივისა“ და „პერპინიანის“ მატჩი, რომელიც მასპინძლებმა 36:15, ბონუსით მოიგეს და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. მთელი 49 წუთი მოედანზე ქართული დუელი მიმდინარეობდა — ბრიველი მარჯვენა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე პერპინიანელი მარცხენა ბურჯის, გიორგი თეთრაშვილის წინააღმდეგ იდგა, სანამ ეს უკანასკნელი არ შეცვალეს. თავად ჯაფარიძე 53-ე წუთზე —სოსო ბეკოშვილმა შეცვალა, 59-ეზე თამაშში ვასილ ლობჟანიძე ჩაერთო, ხოლო 70-ეზე — ვანო კარკაძე.
„კასტრმა“ „პოს“ უმასპინძლა და 16:12 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში ბოლო 28 წუთი ლევან ჩილაჩავამ ითამაშა, ხოლო ბექა გორგაძე სტუმართა სასტარტო 15-ეულში იყო, შესვენებისას შეცვალეს, მაგრამ 58-ე წუთზე ტრავმირებული თანაამპლუელის ნაცვლად დააბრუნეს და ბოლომდეც ათამაშეს ფლანკერის პოზიციაზე. „პომ“ მცირე სხვაობით მარცხისთვის პრემიალური ქულა დაისაკუთრა.
პარიზის „ჟან ბუენზე“ დედაქალაქური დერბი გაიმართა, რომელშიც ნომინალურმა სტუმარმა „რასინგ-92“-მა უპრობლემოდ, 36:21 დაამარცხა „სტად ფრანსე“, რომლის რიგებშიც აწ უკვე ვეტერანმა ვასილ კაკოვინმა პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა.
„ტულონისა“ და „მონპელიეს“ შეხვედრა ძალზე დრამატულად წარიმართა და ასევე დრამატულად დასრულდა. ტულონელთა სასტარტო შემადგენლობაში მარცხენა ბურჯად ბექა გიგაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, რაც ძალიან იშვიათია ამ ამპლუისთვის, მაგრამ არა თავად ბექასთვის. „მონპელიეს“ ხელმძღვანელებმა კი ნამდვილი სიურპრიზი შემოგვთავაზეს, როცა სასტარტო 9 ნომრად გელა აფრასიძე გამოიყვანეს. ახალგაზრდა ქართველმა სქრამ-ჰავმაც შეუცვლელად ითამაშა, ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო და გარკვეულწილად მისი დამსახურებაა, რომ მონპელიელებმა მოულოდნელად ფრეს გამოკრეს ხელი — 24:24.
უფრო მეტიც – დარტყმების შესრულებაც თავიდან აფრასიძეს დაეკისრა, მაგარამ პირველივე ჯერზე, სტუმართა პირველი ლელოს გარდასახვისას გელამ ბურთი ძელს გაარტყა და მას შემდეგ სადგამიდან უკვე გამოცდილი ბენუა პაიოგი ურტყამდა. თუმცა, როცა ეს მგეზავი შეცვალეს, ერთი საჯარიმო მაინც აფრასიძემ დაარტყა -— 71-ე წუთზე ანგარიშში ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა (17:21). ბოლო შტურმში კი, როცა „ტულონი“ უკვე 24:17 იგებდა, გელასთან ერთად მიშა ნარიაშვილიც მონაწილეობდა, რომელმაც ფეხის მოტეხვის შემდეგ პირველად ითამაშა. სახელოვანი ბურჯი თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო და თავისი სიმძლავრით საბოლოო შედეგზე მანაც მოახდინა გავლენა. გაწითლებულ დროში ტულონელებმა მეტოქისგან წამოსულ შეტევათა ქარიშხალს ვეღარ გაუძლეს და ლელოც დაადებინეს, რომელიც უკვე პაიოგის შემცვლელმა მგეზავმა ფურსან ბურდეტმა 10 მეტრიდან უპრობლემოდ გარდასახა.
ტოპ 14-ში დებიუტი ბექა საღინაძესაც ჰქონდა და თან როგორი დებიუტი! ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა თავის ახალ გუნდში, საკმაოდ ავტორიტეტულ „ლიონში“ 80 წუთი შეუცვლელად ითამაშა და გამარჯვებაში დებიუტანტის კვალობაზე სოლიდური წვლილი შეიტანა, თან არ იკითხავთ ვის წინააღმდეგ? ლიონელებმა თვით „კლერმონი“ დაამარცხეს – 28:19!
18 წლის ფულბექი დავით ნინიაშვილი „ლიონის“ მარქაფაში იყო, მაგრამ მწვრთნელმა მინიონიმ ჭაბუკის ეგრევე ასეთ ბრძოლაში შეყვანა ვერ გარისკა. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ ქართული რაგბის ერთ-ერთ უმთავრეს იმედს ფრანგული დებიუტი უახლოეს მომავალში ელის.
დაბოლოს, ტური დაგვირგვინდა შარშანდელი ფრანგული და ევროპული სეზონის ფინალების განმეორებით — „ტულუზმა“ „ლა როშელს“ კვირას საღამოს ისევე მოუგო, როგორც ტოპ 14-ის საჩემპიონო და ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩებში. ამჯერად სტუმრად — 20:16, მასპინძლებმა კი სანუგეშოდ ბონუს-ქულა მიიღეს.
აი, ასეთი, ჩვენთვის სასიხარულო მოვლენებით დახუნძლული სასტარტო ტური ჩატარდა საფრანგეთის ტოპ 14-ში და იმედია, ეს განწყობა მთელი სეზონი გაგვყვება.