სან პაულუში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის დაწყებიდან 6 წუთში შეწყდა და აღარც გაგრძელებულა. მიზეზი: მოედანზე ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები შევიდნენ და „ალბისელესტეს” სამი ფეხბურთელის გაყვანა მოინდომეს. ეს ფეხბურთელები იყვნენ „ასტონ ვილას” მეკარე ემილიანო მარტინესი და „ტოტენჰემ ჰოთსპურის” წყვილი ჯიოვანი ლო სელსო და კრისტიან რომერო. ბრაზილიის ხელისუფლება მათ კოვიდ-კარანტინის დარღვევასა და ქვეყანაში არალეგალურად შეღწევის მიზნით საბუთების გაყალბებაში სდებდა ბრალს.

მალე საქმეში ბრაზილიის ფედერალური პოლიციის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. ისინი ქვეყნიდან უკვე ოთხი არგენტინელი ფეხბურთელის დეპორტაციას ლამობდნენ. მეოთხე გახლდათ ემილიანო ბუენდია, ასევე „ასტონ ვილადან“.

ეს ოთხეული დიდი ბრიტანეთიდან სამხრეთ ამერიკას გასულ კვირაში გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ ისინი ინგლისიდან შესაძლოა ვინმესთვის საკამათო, მაგრამ მაინც წესის დარღვევით წავიდნენ. საქმე ის არის, რომ პრემიერლიგამ იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც კოვიდ-რუკაზე წითელ ზონაში არიან, ნაკრებებში გამგზავრება აუკრძალა. პრემიერლიგის გაგებაც შეიძლება, ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ ეს ფეხბურთელები თვითიზოლაციაში უნდა ჩაიკეტონ და თავიანთი კლუბების მნიშვნელოვანი შეხვედრები გამოტოვონ. კლუბი კი მათი სამსახურია, კლუბები მათ უზარმაზარ ხელფასებს უხდიან.

ზემოთ დასახელებული ოთხეულიდან ერთი, ბუენდია მოედანზე არ იყო.

52 წუთიანი დავიდარაბის შემდეგ, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ კონმებოლმა მატჩი ოფიციალურად ჩაშლილად გამოაცხადა.

ახლა საქმეს კონმებოლის დისციპლინარული კომისია განიხილავს და გადაწყვეტს თუ რა უნდა მოხდეს მომავალში.

მაინც რა რეგულაცია დაარღვიეს ბრაზილიაში ბრიტანეთიდან ჩასულმა არგენტინელმა ფეხბურთელებმა? ბრაზილიური კოვიდ-წესების თანახმად, ყველა ვინც ქვეყანაში შესვლამდე 14 დღით ადრე ბრიტანეთშია ნამყოფი, ვალდებულია 14 დღიანი კარანტინი გაიაროს. ხსენებულ ოთხეულს კი ვენესუელიდან ბრაზილიის საზღვრის გადაკვეთისას საემიგრაციო ანკეტებში არ ჩაუწერიათ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბრიტანეთში ნამყოფები იყვნენ.

საინტერესოა, რომ ბრაზილიელმა სამართალდამცველებმა არგენტინელ ფეხბურთელებს ქვეყანაში შესვლისას არაფერი უთხრეს. ისინი არგენტინული დელეგაციის დანარჩენ წევრებთან ერთად მშვიდად ამგზავრეს აეროპორტიდან სასტუმროსკენ, შემდეგ სასტუმროდან სტადიონისკენ და მხოლოდ მატჩის დაწყებიდან ხუთ წუთში დაიწყეს კანონის აღსრულება.

როდესაც თამაში შეჩერდა, არგენტინის ნაკრები გასახდელში შევიდა, მოედანზე კი დარჩნენ მისი კაპიტანი ლეო მესი და ბრაზილიელთა კაპიტანი, მესის თანაგუნდელი „პარი სენ ჟერმენიდან“, ნეიმარი. ოფიციალურ პირებთან ისინი არკვევდნენ საქმეს.

მესი: „ჩვენ სტადიონზე ერთი საათის მისულები ვიყავით. მაშ, რაღატომ დაგვაწყებინეს თამაში და ხუთი წუთის შემდეგ რატომ შემოვიდნენ მოედანზე“?

არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლიონელ სკალონი: „მოედანზე უნდა გამართულიყო საფეხბურთო ზეიმი. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ნახვა მთელს დედამიწას უნდოდა. თამაში გვინდოდა ჩვენც და ბრაზილიელებსაც. რაც მოხდა ძალიან სამწუხაროა. დამნაშავეებს არ ვეძებ. ერთი ფაქტია: ჰქონდათ მიზეზი თუ არა, კანონის დასაცველად ძალიან ცუდი დრო შეარჩიეს“.