მირალემ პიანიჩმა „ბარსელონა“ დატოვა. 31 წლის ბოსნიელი „ბეშიქთაშში“ გადავიდა და სამშვიდობოს გასულმა კატალონიელთა ჰოლანდიელ მწვრთნელ რონალდ კუმანზე ილაპარაკა. დიდი შეტყობა არც უნდოდა, რომ პიანიჩსა და კუმანს ერთმანეთზე მზე და მთვარე არ ამოსდიოდათ.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ „იუვენტუსიდან“ „კამპ ნოუზე“ გადაბარგებულ პიანიჩს არ გაუმართლა, COVID 19 შეეყარა. მართალია ზაფხული ანუ შვებულებების პერიოდი იდგა, მაგრამ ფეხბურთელი დაავადებამ დაასუსტა, რის გამოც მან სეზონისთვის მზადება თანაგუნდელებზე გვიან დაიწყო და როდესაც თამაშები გახურდა, სხვებს ჩამორჩებოდა.
მწვრთნელი ხედავდა, რომ პიანიჩი დუნე რიტმსა და ტემპში ვარჯიშობდა, ფეხბურთელთა ძირითადი ჯგუფის ინტენსივობა კი სხვა იყო.
ყველაფერთან ერთად, ბოსნიელი ფეთქებადი სტილის მოთამაშე არ არის. მას სჭირდება გარემო, რომელშიც მუდმივ ტემპს შეინარჩუნებს. ის არ არის ქარივით სწრაფი.
ამ მიზეზების გამო, კუნმანი პიანიჩისგან გამორჩეული დატვირთვით ითხოვდა ვარჯიშს. თავად ფეხბურთელსაც ეგონა, რომ თანაგუნდელებს დაეწეოდა.
ამასობაში, „ბარსას“ შემადგენლობაში გამოჩნდა პედრი, რომელმაც, არათუ ძირითადში დაიკავა ადგილი, არამედ მთელი მსოფლიო მოწმეა, რომ ესპანეთის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრებებიც დაიპყრო. მას უბრალოდ არ ასვენებენ. მთელი წელიწადის განმავლობაში ჩამოჯდომის საშუალება არ მისცეს.
ყმაწვილკაცის აღმოჩენამ კი პიანიჩის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.
რასაკვირველია, მან რამდენიმე შეხვედრაში, მაგალითად, თავისი ყოფილი გუნდის, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, კარგად ითამაშა, მაგრამ ეს დონე დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეინარჩუნა.
ბოსნიელს კარგ ფორმაში შესასვლელად მეტი თამაში სჭირდებოდა, კუმანს კი ამის საშუალება არ ჰქონდა — მას უბრალოდ სჭირდებოდა ბოსნიელი კარგ ფორმაში და როგორ უნდა მიეღწია ფეხბურთელს ამისთვის არ აინტერესებდა. შედეგად, ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო გაიშვიათდა და ბოლოს გარდაუვალი განშორების მომენტიც დადგა.





