მადონასთან…

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ყველა დროის ყველაზე არაორდინალური მოთამაშის გამოსავლენად გამოკითხვა რომ ჩატარდეს, დენის როდმანი კონკურენციის გარეშე იქნებოდა.

კალათბურთის დიდების დარბაზის წევრი როდმანი NBA-ის ხუთგზის ჩემპიონია. ბრილიანტის ორი ბეჭედი მან “დეტროიტთან” ერთად მოიპოვა, კიდევ სამჯერ კი მაიკლ ჯორდანის “ჩიკაგოში” თამაშისას იპირველა.

ტატუების მთელი გალერეა და ლამის ყველა თამაშზე ახალ ფერში გადაღებილი თმები მხოლოდ აისბერგის წვერია. მისი მექალთანეობა ლამის 30 წელია, საკბილოს არ აკლებს ყვითელ მედიას.

ახლახანს მიცემულ ინტერვიუში როდმანმა გულახდილად ისაუბრა: “ძალიან ბევრ ქალთან მქონდა ხანმოკლე რომანი. კარმენ ელექტრაც იყო, მადონაც, შერონ სტოუნიც, სინდი კროუფორდიც… ყველას ნამდვილად ვერ ვიხსენებ. ცოტათი გიჟები ყველა ვიყავით და ამით უფრო საინტერესოს ვხდიდით კალათბურთსაც. ახლა კი NBA მეტისმეტად მოსაწყენი და მტკნარი გახდა”.

როდმანი კი ისევ ის “გიჟია” – ჯიშიანი ბედაურების რანჩოებზე სტუმრობა, “ჰარლი დევიდსონით” ამერიკის გადასერვა, გამორჩეული იმიჯი და რაღა თქმა უნდა – ულამაზესი ქალები გარემოცვაში.