ფეხბურთის მეგავარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა და მრავალ მილიონად ღირებულ საცხოვრებელ კომპლექსში დაბინავდა.
აეროდრომზე მას „იუნაიტედის“ წარმომადგენლები და დაცვის სამსახური დახვდნენ. თვითმფრინავიდან ის პირდაპირ აგარაკისკენ გაეშურა, რომელისაც შვიდი საძინებელი აქვს.
მდიდრულ კომპლექსში აგრეთვე შედის მაღალი ტექნოლოგიებით მოწყობილი ფიტნესის კომპლექსი, საცურაო აუზი და ჯაკუზი. ეს კრისს შინაც მისცემს ვარჯიშის და დასვენების შესაძლებლობას. მას შეეძლება დღეიდანვე მოემზადოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ თავისი პირველი მატჩისთვის, რომელიც გეგმის თანახმად შემდეგ შაბათს, „ოლდ ტრეფორდზე“, „ნიუკასლ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გაიმართება.
ეს საცხოვრებელი კომპლექსი „იუნაიტედმა“ მას მერე იქირავა, რაც პორტუგალიელი „იუვენტუსისგან“ გადაიბირა და მასში ჯერჯერობით მხოლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადა. კრიშტიანუს და მის ოჯახს მუდმივად ექვსკაციანი დაცვა დასტრიალებს თავს.
რეგულაციების თანახმად, კრიშტიანუ ექვსი დღე თვითიზოლაციაში იქნება, შემდეგ კი ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე მივა და ახალ თანაგუნდელებს გაიცნობს.
„სანმა“ კლუბის მავანი თანამშრომლისგან შეიტყო, რომ ოლე გუნარ სულშერის ფეხბურთელებზე რონალდუს ეფექტმა უკვე იმოქმედა. ხსენებულმა თანამშრომელმა თქვა, რომ გუნდი საბრძოლველად ახლა უკვე სხვანაირად არის განწყობილი და სწამს, რომ პრემიერლიგის ჩემპიონობა შეუძლია.
„რონალდუ და მისი ოჯახი მანჩესტერში დაბრუნებამ გაახარა, — თქვა კიდევ ერთმა საქმეში ჩახედულმა ადამიანმა, — კრისს მანჩესტერი უყვარს, მისი მეუღლე ხეორხინა კი სანამ ესპანეთში მომავალ მეუღლეს გაიცნობდა, ინგლისში ძიძად მუშაობდა. ცოლ-ქმარს მოჟამული ინგლისური ამინდის ამბავი კარგად მოეხსენება, მაგრამ ისინი აგრეთვე კარგად იცნობენ ბრიტანელების სტუმარმასპინძლობას და ბავშვებისთვის განათლების ინგლისში მიცემის უპირატესობასაც ჩინებულად ხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედში“, პირველ ჯერზე 2003-09 წლებში ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ფეხბურთის ასოციაციის თასი, ორჯერ ლიგის თასი და ფიფას კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.
2009 წელს, კრიშტიანუ „იუნაიტედიდან“ „რეალში“ გადავიდა. ეს ტრანსფერი მადრიდელებს 94 მილიონი ევრო დაუჯდათ.






