გუშინვე ბუდაპეშტში

„წითელი კოჭი ხომ არა ხარო,“ — იცოდნენ ხოლმე ადრე თქმა. ვითომც ყველაზე უკეთესი, გამორჩეულიო. რამ გამახსენა ეს წითელი კოჭი? რამ და ცნობისმოყვარეობამ. აბა ვნახოთ:

1-2 სექტემბერს ევროპის ზონაში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 25 შესარჩევი შეხვედრა გაიმართა და აქედან მხოლოდ ერთი მატჩი იყო ისეთი, რომელსაც მაყურებელი არ დასწრებია. ალბათ ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ ეს „ერთი“ სწორედ ბათუმის სტადიონზე ჩატარებული საქართველო – კოსოვოს დაპირისპირება გახლდათ.

როგორ „ითამაშა“ ჩვენმა ნაკრებმა სხვა საკითხია. ამის განხილვას არც ვაპირებთ. ერთს ვიტყვით მხოლოდ, რომ ეს ყველაზე სუსტი მატჩი იყო, რომელიც „ჯვაროსნებმა“ ვილი სანიოლის თავკაცობით ჩაატარეს. ასეთებზე ამბობენ ხოლმე – მალე დასავიწყებელიაო და ჩვენც შევეცადოთ ასე მოვიქცეთ.

ძნელი სათქმელია, რა მოხდებოდა, ხუთშაბათ საღამოს ბათუმის სტადიონზე მაყურებელი რომ ყოფილიყო. იქაურმა გულშემატკივარმა უკვე შეგვაჩვია ომახიან, განსხვავებულ ქომაგობას და რომ შეეშვათ, არც ამჯერად შეირცხვენდნენ თავს. თბილისიდან და რაიონებიდანაც დაემატებოდნენ და რაღაც გამოვიდოდა.

იქნებ მაყურებლების შეძახილით გამხნევებულებს მოგვეგო კიდეც, შეიძლება ვერც მოგვეგო. მაგრამ წარმატების მეტი შანსი რომ გვექნებოდა, ამას წყალი არ გაუვა.

შარშანდელი 12 ნოემბრის არ იყოს, როცა ცარიელ „პაიჭაძეზე“ ჩრდილომაკედონიასთან წაგებამ, ლამის თაობების იმედი დაასამარა. ახლაც, სტადიონზე არავინ იყო რამდენიმე ჟურნალისტის გარდა, კოვიდრეგულაციებს „იცავდნენ.“

იქვე ახლოში კი, პლაჟზე, ასობით ადამიანი ყოველგვარი რეგულაციების გარეშე განუკითხავად წამოწოლილიყო. შეიძლება ვინმემ გვითხრას, იმ დღეს კოკისპირულად წვიმდა და პლაჟზე ხალხს რა უნდოდაო, მაგრამ ასეთ ადამიანს პროვოკატორად ჩავთვლით.

ცხადია, მაყურებლის სტადიონზე არშეშვება მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ დაადგინა, მაგრამ იმ ხალხს ახლა ფეხბურთისთვის საერთოდ არ სცხელა. კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი დღიურად ხომ 80-ს გადასცდა…

მაგრამ ფეხბურთის ფედერაციას ხომ უნდა განემარტა მათთვის, რომ არსებობს საშუალებები, რომლებიც არც კოვიდუსაფრთხოებას დააზარალებს, არც ფეხბურთელებს და არც მაყურებელს… საჭირო არ არის ველოსიპედის გამოგონება. ხომ ამბობენ, ევროპული ოჯახის წევრები ვართო, მაშინ მოიქცნენ მათსავით.

როგორ? შეეშვათ ადამიანები, ვისაც აცრილობის დამადასტურებელი ან ბოლო 48 საათის განმავლობაში კოვიდტესტზე მიღებული უარყოფითი პასუხის საბუთი ექნებოდა. მოემზადებინათ სტიუარდები, რომლებიც გულშემატკივრებს  შესვლისას კიდევ ერთხელ აუხსნიდნენ ტრიბუნებზე დასხდომის სპეციფიკას. ვთქვათ, ორი მეტრის დაშორებით…

ასეთმა მიდგომამ გაავსო ევროპული კლუბების სტადიონები. ჩვენთან კი ეს აკრძალვები ვეღარ დამთავრდა…

უეფამ კოვიდის გამო სექტემბერში მაყურებელთა საგარეო მატჩებზე დასწრება აკრძალა და ატყდა ერთი ამბავი. საშინაოზე კი…

ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ ჯერ კიდევ ევრო 2020-ის დროს დაუშვეს ანშლაგი. ამ ტურნირის ფინალს „უემბლიზე“ 65 ათასი მაყურებელი დაესწრო. 5 სექტემბერს კი, იმავე „უემბლიზე,“ ინგლის – ანდორას შესარჩევ მატჩზე 80 ათასამდე ქომაგს ელიან – ამას „სქაი სპორტსი“ წერს.