არგენტინამ კარაკასში ვენესუელას მოუგო. ესპანური გაზეთის AS-ის თქმით ეს იყო შეხვედრა, რომელშიც ორი მთავარი ამბავი მოხდა: ადრიან მარტინესმა გაიმეტა, მაგრამ ვერ დაამტვრია ლეო მესი და არგენტინის ნაკრებმა გუნდური ფეხბურთი ითამაშა, მესის არ იყო შეჩერებული. სხვათა შორის, AS-მა თავის სტატიას ასეც დაარქვა: „არგენტინა მეტია ვიდრე მესი“.

მას მერე, რაც არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლიონელ სკალონია, მეტოქეები მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველად ეს 2019 წლის 22 მარტს მოხდა. ეს გახლდათ ამხანაგური მატჩი მადრიდში, რომელშიც ვენესუელამ „ალბისელესტე“ დაჯაბნა, 3:1 მოუგო. მაშინ სკალონი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, რადგან ეს იყო მისი პირველი თამაში მესის მწვრთნელის რანგში და მან წააგო — მესი ჰყავდა და ვენესუელასთან 1:3 დამარცხდა.

ორნახევარი წლის შემდეგ, კოპა ამერიკაზე გულშემატკივარმა უკვე სხვა სურათი იხილა. მესი და არგენტინის ეროვნული გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ და ვენესუელას 2:0 მოუგეს.

და აი, მესამე დაპირისპირება, უკვე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევში. აქ, სკალონის ბიჭებმა პირველივე წუთიდან დაიწყეს უილკერ ფარინესის კარისკენ გზების ძებნა, მაგრამ ვენესუელის ნაკრები, რომელსაც მეტსახელად ვინოტინტოს ანუ წითელ ღვინოს უწოდებენ თავს კარგად იცავდა.

უპირატესობას მთლიანად სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ 32-ე წუთზე კინაღამ დრამა დატრიალდა: ზემოთ ნახსენები მარტინესი მესის დაუნდობლად დაესხა თავს, რისთვისაც მსაჯმა გონსალესმა ყვითელი ბარათი ამოუღო, მაგრამ შემდეგ ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმეს და ყველაფერი სამართლიანად დალაგდა: მარტინესი გააძევეს, ვენესუელა მოედანზე ათი კაცით დარჩა, მესი კი გადარჩა.

პირველი ტაიმის მიწურულს, ზედ შესვენების წინ, არგენტინის ნაკრებმა ანგარიში გახსნა: გოლი პირველ ტაიმში დაუცხრომელმა ლაუტარო მარტინესმა გახსნა.

მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა. არგენტინა უტევდა, ვენესუელა თავს იცავდა და ცალკეულ ეპიზოდებში ისევ უხეშობდა, მაგრამ მარტინესის მსგავსი „თავგანწირვა“ აღარავის გამოუჩენია.

შემდეგ არგენტინელმა კორეებმა, ხოაკინმა და ანხელმა, რომლებიც მოედანზე ერთად შევიდნენ, სამწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს.

მესი ყველა ღონეს ხმარობდა გოლი რომ გაეტანა, მაგრამ ვერ შეძლო.

90+4 წუთზე კი VAR-მა არგენტინელთა კართან საეჭვო მომენტი შეამოწმა და პენალტი დანიშნა. „ტორონტოს“ მოთამაშემ სტოლედომ გოლი პანენკას სტილში შეაგდო — 1:3.