შვედეთის ნაკრები ესპანელებთან თავიდან ჩამორჩა, მაგრამ, შემდეგ ორი გოლი გაიტანა და B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილზე ფართხალებს, სამი თამაშიდან სამი გამარჯვებით ლიდერის პოზიციაზეა.
ამ გუნდების ბოლო შეხვედრა ევრო 2020-ზე 0:0 დასრულდა, ამჯერად კი გოლმა არ დაახანა — დებიუტანტმა კარლოს სოლერმა, რომელიც „ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელია და ჩინებულ ფორმაშია, მეხუთე წუთზევე გახსნა ანგარიში.
თამაში ცენტრიდან განახლდა და… წამებში ალექსანდერ ისაკმა გაქვითა. მან ესპანელი მცველების შეცდომით ისარგებლა.
შემდეგ თამაში თითქოს დაწყნარდა, მაგრამ გოლის გატანის შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა. ორივე გუნდის კართან იყო ეპიზოდი, როდესაც მსაჯს და მის დამხმარე VAR-ს პენალტის დანიშვნა შეეძლოთ, მაგრამ სხვანაირად განსაჯეს.
57-ე წუთზე, ვიქტორ კლაესონმა ესპანელთა კარში მეორე გოლი შეაგდო.
რაც უფრო უახლოვდებოდა თამაში დასასრულს, მით უფრო ძლიერდებოდა „ლა როხას“ ზეწოლა, მაგრამ შვედებმა გაუძლეს და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.
ამრიგად, ესპანეთის ნაკრების საქმე კარგად ვერ არის ვინაიდან მას შვედებზე თამაშით მეტი და 2 ქულით ნაკლები აქვს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ B ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ მხოლოდ პირველადგილოსანი გადის, ლუის ენრიკეს გუნდს ისღა რჩება, რომ ზეგ, 5 სექტემბერს შინ საქართველოს ნაკრები გაბდღვნას, 8-ში კი სტუმრად კოსოვო, იმ იმედით, რომ შვედები 8 სექტემბერს საბერძნეთში დაკარგავენ ქულებს.





