ედუარდო კამავინგა „რენიდან“ „რეალში“ გადავიდა. ის ნახევარმცველია. დაიბადა ანგოლაში, კერზოდ მიკონჯეს ლტოლვილთა ბანაკში. 2003 წელს, მისი ოჯახი საფრანგეთში გადასახლდა და ბინა რენიდან 50 კილომეტრში, ფუჟერში დაიდო.
ექვსშვილიან ოჯახში ედუარდო მესამე იყო. დედამისს უნდოდა ვაჟი ძიუდოში გაწაფულიყო. მოუსვენარმა ბიჭუნამ შინ ყველაფერი რომ დალეწა, მამამ სელესტინომ ფეხბურთის კლუბ „დრაპო ფუჟერში“ მიიყვანა. ახლა, როდესაც კამავინგა „რეალში“ გაიყიდა, სატრანსფერო თანხის გარკვეული ნაწილი „დრაპო ფუჟერსაც“ ერგება.
„ფეხბურთისა არაფერი გამეგებოდა, — იგონებს ედუარდო, — ვარჯიშზე დედამ წამიყვანა. ბურთი რომ მომაწოდეს, აქეთ-იქით დავუწყე თრევა“.
კამავინგამ ბურთს ფეხი პირველად შვიდი წლისამ გაჰკრა და იმ დღიდან მოყოლებული, უფროსებში ათამაშებდნენ. თანატოლებთან მის თამაშს აზრი არ ჰქონდა. „რენს“ ბიჭუნა მოეწონა და საზაფხულო ბანაკში მიიწვია.
2013 წელს, როდესაც კამავინგა 11 წლისა გახლდათ და მალე „რენს“ უნდა გადაებირებინა, მის ოჯახს სახლი დაეწვა. ღია ცის ქვეშ დარჩენილ ანგოლელებს თავშესაფარი და პირველი საჭიროების საგნები საქველმოქმედო ორგანიზაციებმა მისცეს.
ედუარდოს პირველი მწვრთნელი ნიკოლა მარტინისი: „მათ ყველაფერი დაკარგეს. სახლიდან ცრემლების ზღვა იყო დარჩენილი“.
კამავინგა: „ხანძრის მეორე დღეს სავარჯიშოდ წავედი და გული ფეხბურთს გადავაყოლე. ფეხბურთი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო“.
2020 წელს „უესტ ფრანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამომავალმა ვარსკვლავმა მამის სიტყვები გაიხსენა: „ნუ დარდობ, შენ დიდი ფეხბურთელი გახდები და ახალ სახლს ააშენებ“.
მაშინ კამავინგა მიხვდა, რომ ოჯახის იმედი იყო.
„უცბათ, მოტივაცია ვიგრძენი, — განაგრძო მან, — ჩემი მშობლები თავს ბედნიერ ადამიანებად გრძნობდნენ, მაგრამ მე მათთვის კიდევ უფრო დიდი ბედნიერების მოტანა შემეძლო“.
ედუარდოს ხანძრის დილა არასდროს დაავიწყდება.
„ჩვენ ვცხოვრობდით სახლში, რომელიც ჩემმა მშობლებმა წელიწადზე ნაკლებ დროში ააშენეს. ის დღე ახლაც ცოცხლად მიდგას თვალწინ. სკოლაში ვიყავი. კლასის ფანჯრიდან ვხედავდი, როგორ დაქროდნენ ქუჩაში სახანძრო მანქანები. შემდეგ, ჩემთან და ჩემს დასთან მასწავლებლები მოვიდნენ და აგვიხსნეს რაც მოხდა. ამასობაში მამამაც მოგვაკითხა. მან სკოლიდან გამოგვიყვანა. სახლთან რომ მივედით, მისგან აღარაფერი იყო დარჩენილი“.
ახლა, 18 წლის კამავინგა „რეალში“ იწყებს თამაშს და ალბათ, მალე მართლაც ააშენებს ახალ, ძველზე გაცილებით უკეთეს სახლს.