„მანჩესტერ იუნაიტედმა“ გამოაქვეყნა პირველი ფოტოები, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თავისი ახალი-ძველი კლუბის ფორმაშია ჩაცმული, თუმცა ამ ფოტოთაგან ფეხბურთელის ნომერი ერთზეც არ ჩანს.

პორტუგალიელი ვარსკვლავი „ოლდ ტრეფორდზე“ „იუვენტუსიდან დაბრუნდა — „ოცნებათა“ თეატრი მან 2009 წელს დატოვა, როდესაც „რეალში“ გადავიდა.

რატომ არ გადაიღეს რონალდუ ზურგიდან ისე, რომ ნომერი გამოჩენილიყო? საქმე ის არის, რომ მანჩესტერული კლუბი პრემიერლიგისგან მისთვის 7 ნომრის დამტკიცებას ელოდება, რაც ოფიციალურად ჯერ არ მომხდარა. მოგეხსენებათ, ჯერჯერობით, „იუნაიტედში“ 7-ნომრიანი მაისურა ედინსონ კავანის აცვია, თან სეზონი დაწყებულია და ნომრის ერთი ფეხბურთელისგან მეორეზე გადაფორმება ბიუროკრატიულ პროცედურებთან არის დაკავშირებული.

მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ლისაბონში, პორტუგალიის ეროვნული გუნდის შეკრებაზე გაიარა. ინგლისური პრესა წერს, რომ შეთანხმებულია პირადი საკითხებიც. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „იუვენტუსს“ რონალდუს სანაცვლოდ 19,7 მილიონი გირვანქა გადაუხადა.

პორტუგალიელის გარდა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ამ ზაფხულს შეიძინა ჯეიდონ სანჩო და რაფაელ ვარანი. მათ გარდა, კლუბმა სამარქაფო მეკარე ტომ ჰიტონიც დაიმატა.

„ყველამ, ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ სამუდამო სიყვარულით მიყვარს. აქ დაუვიწყარი წლები გავატარე. ბილიკი, რომელიც მაშინ ჩვენ ყველამ ერთად გავკვალეთ, ამ უდიდესი კლუბის ისტორიაში შევიდა. დღეს, როდესაც ჩემი დაბრუნების შესახებ მთელს მსოფლიოში გახდა ცნობილი, ვერც კი გადმოგცემთ, რას განვიცდი.

„ოლდ ტრეფორდზე“ დაბრუნება ოცნების ახდენას ჰგავს. გასული წლების განმავლობაში მე აქ ჩამოვდიოდი და მაშინაც კი, როდესაც მოედანზე გავდიოდი როგორც მეტოქე, ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრის მიმართ უდიდეს პატივისცემას ვგრძნობდი“, თქვა კრიშტიანუმ.

რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში სავარაუდოდ 11 სექტემბერს, „ნიუკასლ იუნაიტედთან“ შეხვედრაში გამოჩნდება.

მისმა „რეალის“ დროინდელმა თანაგუნდელმა რაფაელ ვარანმა კი თქვა: „ის ლეგენდაა, მის მხარდამხარ თამაშის დროს ყველა ფეხბურთელი სწავლობს. მისი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გამოჩენა დიდი დახმარება იქნება ყველა ფეხბურთელისთვის, ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის და ყველაფერთან ერთად, ის გაიტანს გოლებს, რაც გუნდს წინ წაწევს“.