„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა როი კინი ფიქრობს, რომ კრიშტიანუ რონალდუ თავის ახალ-ყოფილ გუნდს პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულს ვერ მოაგებინებს. მანკუნიანელთა დიდი კაპიტანი ამბობს, რომ ოლე გუნარ სულშერმა მიზნად ფეხბურთის ასოციაციისა და ლიგის თასების მოგება უნდა დაისახოს და არა ჩემპიონობა.

36 წლის პორტუგალიელის „ოლდ ტრეფორდზე“ დაბრუნების შესახებ ლაპარაკისას კინმა „სქაი სპორტის“ ეთერით ასე თქვა:

„ვფიქრობ, რონალდუს დაბრუნება „იუნაიტედისთვის“, ფანებისთვის და მთელი პრემიერლიგისთვის ძალიან კარგი ამბავია. წამით არ მეპარება ეჭვი, რომ ის დღესაც მსოფლიო კლასის ფეხბურთელია. გარდა ამისა, კრისი ჭკვიანი ბიჭია. იცის, რას აკეთებს. ის „იუნაიტედში“ ჯილდოს მოსაგებად გადმოვიდა.

სხვა საქმეა, რომ ჩემი აზრით რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედს“ პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულს ვერ მოაგებინებს, რადგან მისით თუ მის გარეშე, გუნდს ისევ ის პრობლემები აქვს. აი, ფეხბურთის ასოციაციისა და ლიგის თასების მოგება კი შესაძლებელია.

რასაკვირველია, პირადად მას მეტი ამბიცია ექნება. ის გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტს მოიტანს. ბევრ პლუსს ვხედავ. რად უნდა ლაპარაკი, რომ რონალდუსთან ერთად გუნდი უფრო ძლიერად ათამაშდება, მაგრამ ფართე გაგებით სურათს მაინც ვერ შეცვლის. არ მგონია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ტიტულის მოგება შეძლოს“.

კინისგან განსხვავებით, „ლივერპულის“ ლეგენდა გრემ სუნესი რონალდუს „იუნაიტედში“ გადავლას სხვანაირად უყურებს. მან თქვა:

„ასაკის გამო რომალდუ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ახალ დიდ ეპოქას ვერ შეუქმნის, მაგრამ ფაქტია, რომ კლუბმა უმაღლესი დონის პროფესიონალი იყიდა. ვფიქრობ, მასთან ერთად „იუნაიტედი“ ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს. მასთან ერთად ის სულ სხვა გუნდი გახდება“.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ კიდევ ერთი ვარსკვლავი გარი ნევილი: „რასაკვირველია, რონალდუსთან ერთად გუნდი ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს. ტიტულს თუ მოიგებს? ალბათ, ვერა. თუმცა, ფაქტია, რომ დღეს უფრო ოპტიმისტურად ვარ, ვიდრე ხუთი-ექვსი დღის წინ ვიყავი“.