კვირას, „ხეტაფესთან“ 2:1 გამარჯვების შემდეგ, „ბარსელონას“ მწვრთნელმა რონალდ კუმანმა პრეს-კონფერენციაზე ფეხბურთელების შესახებ ილაპარაკა.

საუბარი შეეხო ანტუან გრიზმანს, რომელსაც შეხვედრის მსვლელობისას ტრიბუნებიდან უსტვინეს.

„როგორც მწვრთნელს, არ მესმის რატომ უნდა უსტვენდეს გულშემატკივარი ჩვენი გუნდის ფეხბურთელს, — თქვა ჰოლანდიელმა, — მოთამაშეს შეგიძლია უსტვინო თუკი მას სიზარმაცეს და საქმისადმი უპატიოსნო დამოკიდებულებას შეამჩნევ, მაგრამ დღეს ანტუანს სულ სხვა პრობლემა ჰქონდა. მას უბრალოდ არ გაუმართლა და ისიც მხოლოდ ერთ შეხვედრაში მოხდა. კი ბატონო, მე შემიძლია ვუსაყვედურო, რომ ოთხი გოლი უნდა გაეტანა, მაგრამ ფაქტია, რომ ვერც გუნდმა შეუქმნა საგოლე მომენტები. ამას დაამატეთ, ისიც, რომ მეორე ტაიმში ბურთს ხშირად ვკარგავდით“.

შემდეგ, კუმანს რიკი პუჩის შესახებ ჰკითხეს. მწვრთნელმა სცადა გვარები არ დაესახელებინა, მაგრამ ფაქტობრივად თქვა, რომ პუჩი გუნდიდან უნდა წავიდეს.

„ფეხბურთელებმა კარგად იციან, რას ვფიქრობ მათ შესახებ და ეს საკმარისია. ოთხი თუ ხუთი მოთამაშე დაშავებული გვყავს. როდესაც ისინი გამოჯანმრთელდებიან, დანარჩენებს შემადგენლობაში მოხვედრა ძალიან გაუჭირდებათ“.