„იუვენტუსმა“ კრიშტიანუ რონალდუს შემდგომი ცხოვრება სენსაციური მარცხით დაიწყო — „ბებერმა ქალბატონმა“ შინ, სერია A-ში ახალდაბრუნებულ „ემპოლისთან“ 0:1 წააგო.
პორტუგალიელის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის მეორე დღეს, „იუვემ“ ემპოლელი ლეონარდო მანკუზოს მიერ პირველი ტაიმის 21-ე წუთზე გატანილ გოლს ვერ უპასუხა.
ტურინელთა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ მისმა ფეხბურთელებმა რონალდუს წასვლაზე ფიქრს თავი უნდა დაანებონ და ყურადღება მოიკრიბონ, რათა მდგომარეობა შემოატრიალონ.
ეს გახლდათ ახალ სეზონში „იუვეს“ პირველი საშინაო შეხვედრა, რომელშიც იტალიის 36-გზის ჩემპიონს ფანტაზია და სიმწვავე აკლდა.
DZAN-თან ინტერვიუში ალეგრიმ თქვა: „კრიშტიანუმ ჩვენს გუნდში სამი წელიწადი გაატარა. მას ბევრი გოლი გაქონდა, რაშიც ნამდვილად უბადლოა. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, მაგრამ დღეიდან ჩვენ მასზე აღარ უნდა ვიფიქროთ.
მე შესანიშნავი გუნდი მყავს, უბრალოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა შეხვედრა ჩვენი უპირატესობით ვერ ჩაივლის. თავი ხელში უნდა ავიყვანოთ და სამომავლოდ ეს ძალიან დაგვეხმარება“.
„იუვემ“ პირველ შეხვედრაში, უდინეში, 2:2 ითამაშა. ტურინელები 2:0-ს იგებდნენ, შემდეგ „უდინეზემ“ ანგარიში გაქვითა, მაგრამ 90+4 წუთზე რონალდუმ, რომელიც თურმე „ბიანკონერის“ შემადგენლობაში თავის ბოლო შეხვედრას ატარებდა, გოლი შეაგდო. ამ გოლით მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა თავისიანებს თითქოს სამი ქულა მოუტანა, მაგრამ ის VAR-მა არ ჩათვალა.
„სეზონის დასაწყისში ფეხის ორი დაცდენა უეჭველად მოგვიტანს სარგებელს. ჩვენ საჭირო დასკვნებს გამოვიტანთ — განაგრძო ალეგრიმ, — ვიმეორებ, ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს. მას თავისი ფასეულობები აქვს და ეს ფასეულობები თანდათანობით გამოჩნდება.
ბიჭებმა თამაში კარგად დაიწყეს, მაგრამ პირველივე შეცდომა გაშვებულ გოლად დაუჯდათ და პანიკას აჰყვნენ.
ამიერიდან შეხვედრებს მშვიდად უნდა მივუდგეთ. პრობლემები გუნდურად უნდა გადავწყვიტოთ და მათ ინდივიდუალურად მოგვარებას არ უნდა შევეცადოთ“.
შემდეგი შეხვედრა „იუვენტუსს“ 12 სექტემბერს ნეაპოლში ელის.