დანიის ნაკრების კაპიტანს სიმონ კიაერსა და ამავე ნაკრების სამედიცინო პერსონალს, რომლებმაც კრისტიან ერიკსენს სიცოცხლე შეუნარუნეს, უეფას პრეზიდენტმა 2021 წლის საგანგებო ჯილდოები გადასცა.
კიაერს ჯილდო „ლიდერის განსაკუთრებული თვისებების“ გამო მიაკუთვნეს. მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის პირველი ტურის მატჩში, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ, დანიის ეროვნული გუნდის ლიდერმა, კრისტიან ერიკსენმა, მინდორზე გონება დაკარგა. ექიმებმა შემდეგ თქვეს, ერთი ხანი გული გაჩერებული ჰქონდაო. საბედნიეროდ ის გადარჩა. ინციდენტისას, კიაერმა არა მხოლოდ მკურნალობისთვის სასურველი მდგომარეობა მიაღებინა ერიკსენს, რის შემდეგაც მას ხელოვნური სუნთქვის აპარატი მიუერთეს, არამედ თანაგუნდელები გარს შემოარტყა დაზარალებულს, რათა აბეზარი პაპარაცებისგან დაეცვა. შემდეგ კი პირველმა აღმოუჩინა ფსიქოლოგიური დახმარება ერიკსენის მეუღლეს.
„წლეულს ჯილდოს ფასეულობა ფეხბურთის ფარგლებს სცილდება. ის შეხსენებაა, თუ რაოდენ ძვირფასი და მყიფეა სიცოცხლე. რამდენად მნიშვნელოვანია გვერდში დგომა“, – განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა.
კიაერმა კი დაამატა: „მომხდარი მთელი ცხოვრების განმავლობაში გვემახსოვერება. მაშინ გუნდი, როგორც ერთი მთლიანი, ისე მოიქცა. კრისტიანს დიდი ხანია ვიცნობ. შესანიშნავი ოჯახი და ბევრი მეგობარი ჰყავს. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“, – ციტირებს კიაერის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.