ჰარი კეინმა „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობას ისევ გამოუცხადა, რომ დაჟინებით სურს „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა, ლონდონელები კი მას აბრკოლებენ.

დრო გარბის. ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა ექვს დღეში იხურება, „სფურზის“ თავმჯდომარე დენიელ ლევი კი 150 მილიონ გირვანქას კაპიკს არ აკლებს.

გულშემატკივარმა შეიძლება თქვას, კეინმა „ვულვერჰემპტონთან“ შეხვედრაში ხომ დათმო პოზიციები, ხომ შევიდა მოედანზე, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გუნდში რჩებაო. როგორც ჩანს არ ნიშნავს. „სანმა“ ექსკლუზიურად შეიტყო, რომ  თავდამსხმელმა ლონდონელებს მორიგი მოთხოვნით მიმართა.

კეინი გაბრაზებულია რადგან მიაჩნია, რომ კლუბი მას უღირსად მოექცა. თურმე, ის და „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა შეთანხმებულან, რომ ევრო 2020-ის შემდეგ ინგლისის ნაკრების კაპიტანი სხვა ფეხბურთელებზე მეტხანს დაისვენებდა. ბომბარდირი ასეც მოიქცა, კლუბმა კი მათი შეთანხმების ამბავი დამალა და ისე გამოიყვანა, თითქოს კეინი თავნება კაცია, რომელიც გაიფიცა და ამ ხერხით ცდილობს კლუბის იძულებას გაყიდოს იგი. კეინისა და „სფურზის“ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე კიდევ სამი წელიწადია.

კეინი დენიელ ლევის გარდა „დეზების“ მწვრთნელ ნუნუ ესპირიტუ სანტუსაც ელაპარაკა, მაგრამ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „ტოტენჰემი“ 150 მილიონს კაპიკს არ აკლებს, ხოლო „მანჩესტერ სიტიმ“ 125 მილიონზე მეტის გადახდა აღარ ისურვა. ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, ასეა.

დადის ჭორი, რომ „სიტიში“ გადავლა მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს კრიშტიანუ რონალდუსაც.

გარდა ამისა, ამბობენ, რომ „ტოტენჰემი“ სადაცაა 18 წლის სენეგალელ ნახევარმცველთან, პაპე მატარ სართან გააფორმებს კონტრაქტს. მატარ სარი „მეცში“ თამაშობს და 12 მილიონი გირვანქა ღირს. იმ შემთხვევაში თუკი სენეგალელი „სფურზთან“ კონტრაქტს გააფორმებს, ის ამ სეზონს მაინც ფრანგულ კლუბში გაატარებს.