გარი ნევილი და ჯეიმი კარაგერი სტუდიაში შეკამათდნენ. ისინი ვერ შეთანხმდნენ, „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შემდეგ „ლივერპული“ გავა მესამე ადგილზე თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“.

„სქაი სპორტის“ ექსპერტები გადაცემაში „ორშაბათ ღამის ფეხბურთი“, პროგნოზებს ამბობდნენ. ისინი შეთანხმდნენ, რომ ჩემპიონი ულაპარაკოდ „სიტი“ გახდება, მეორეზე კი „ჩელსი“ გავა.

დავა მესამე ადგილმა გამოიწვია. კარაგერი „ლივერპულს“ უჭერდა მხარს, ნევილი კი „იუნიტედს“ — როგორც ჩანს აქ საქმეში უკვე ქომაგის გული ჩაერთო. კარაგერმა ხომ მთელი კარიერა „ენფილდ როუდზე“ გაატარა, ნევილმა კი „ოლდ ტრეფროდზე“.

„ვფიქრობ, „იუნაიტედს“ მეტი შანსი აქვს, — თქვა ნევილმა — მართალია, სასტარტო თერთმეტეული „ლივერპულს“ უფრო ძლიერი ჰყავს, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელი რომ დაშავდეს, გუნდის კლასი მკვეთრად დაეცემა. „მანჩესტერ იუნაიტედს“ კი ტრავმა ვერც ერთ პოზიციას ვერ ჩაუგდებს.

აქამდე შეიძლებოდა გეთქვა, რომ ჰარი მაგუაირის დაშავების შემთხვევაში დაცვის ცენტრი დასუსტდებოდა, მაგრამ ახლა ამასაც ვეღარ იტყვი, რადგან მანჩესტერელებმა რაფაელ ვარანი დაიმატეს. მეისონ გვრინვუდი ვერ ითამაშებს? ანტონი მარსიალი და ედინსონ კავანი შევლენ. მოკლედ, თითო პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელია.

მეტსაც გეტყვით, „იუნაიტედს“ ერთბაშად ორი ფეხბურთელის დაკლებაც ვერ დააზარალებს. მაგუაირი და ვარანი ერთადაც რომ დაშავდნენ, მათ ნაცვლად ერიკ ბეილი და ვიქტორ ლინდელოფი ითამაშებენ“.

კარაგერის მთავარი კონტრარგუმენტი კი ის გახლდათ, რომ „ლივერპულის“ მწვრთნელი იურგენ კლოპი მანჩესტერელთა თავკაც ოლე გუნარ სულშერზე ძლიერია.

„მწვრთნელს დიდი მნიშვნელობა აქვს, — თქვა „წითლების“ ლეგენდამ, — პეპ გვარდიოლას, თომას ტუხელსა და იურგენ კლოპს ჩემპიონთა ლიგა აქვთ მოგებული, სულშერს — არა. „ლივერპულს“ „მანჩესტერ იუნაიტედზე“ უკეთესი მწვრთნელი ჰყავს.

გარდა ამისა, ხალხს მგონი დაავიწყდა, თუ რა ძლიერი გუნდია „ლივერპული“, როდესაც სრული ძალით თამაშობს. ახლა, მერსისაიდელთა ყველა ფეხბურთელმა დაისვენა, ყველა გამოცოცხლდა. მო სალაჰი და სადიო მანე „დაბრუნდნენ“.

რაც შეეხება „იუნაიტედს“, ვფიქრობ, მას ჰყავს ის შემადგენლობა, რომლითაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა შესაძლებელია, მაგრამ მესამე-მეოთხე ადგილზე გასვლა და იმის მტკიცება, რომ მაინც ყველას სჯობნი, სწორი არ იქნება“.

ამაზე, ნევილის პასუხი გახლდათ ის, რომ გააჩნია რა ჩამორჩენით გადიხარ მესამე თუ მეოთხე ადგილზე. ერთია, როდესაც 20 ქულით უკან ხარ და მეორე, როდესაც 6 ქულით ჩამორჩები ჩემპიონს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მეორე ადგილზე გავიდა. ის თანაქალაქელ „მანჩესტერ სიტის“ 10 ქულით ჩამორჩა.

„ლივერპული“ მესამეზე იყო. მან „იუნაიტედზე“ 5 ქულით ნაკლები დააგროვა.

კარაგერი და ნევილი შეთანხმდნენ, რომ ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ გახდება. კარაგერმა ისიც კი დასძინა, თუ „სიტი“ „ტოტენჰემისგან“ ჰარი კეინსაც გადაიბირებს, მაშინ ჩემპიონატი შეიძლება ერთი ცხენის დოღს დაემსგავსოსო.

კარაგერი: „სიტი სიტია. ერთადერთი, რაც „ლივერპულმა“ შეძლო, ის არის რომ ბოლო ოთხ თუ ხუთ წელიწადში მისი უპირობო ბატონობა ერთადერთხელ დაარღვია და მორჩა“.