ვალენსიაში, „ლევანტესა” და „რეალის” შეხვედრაში, პირველ ტაიმში „რეალი“ ყოჩაღობდა. მადრიდელთა შემადგენლობაში დიდი სიახლე არ ყოფილა. კარლო ანჩელოტიმ ძველი დრო გაიხსენა და ისკო გარეთ ბეილთან ერთად დააყენა სასტარტო შემადგენლობაში.
უელსელმა შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა. მე-5 წუთზე ქარიმ ბენზემას პასით მან ანგარიში გახსნა — ბურთი დაუცველ კაში შეაგდო. ეს გახლდათ მისი პირველი გოლი „ლოს ბლანკოსის“ შემადგენლობაში 2019 წლის შემდეგ.
„ლევანტემ“, კერძოდ როხერ მარტიმ, მეორე ტაიმის 28-ე წამზევე გაათანაბრა, 57-ე წუთზე კი ხოსე კამპანიამ მასპინძლები წინ გაიყვანა, მაგრამ 73-ზე ვინისიუს ჟუნიორმა ანგარიში კვლავ გაათანაბრა, ახლა სტუმრების გასახარად.
ვინისიუსმა ამ შეხვედრაში ერთხელაც გაქვითა, 85-ე წუთზე, ანუ „რეალი“ მანამდე, 79-ზე, მეორედ ჩამორჩა მასპინძლებს — რობერ პიერმა ბურთი სტუმრების კარში მას მერე შეაგდო, რაც დავიდ ალაბამ თავით ხიფათი ვერ განმუხტა და მას დაუგდო ბურთი.
ბოლოს, „ლევანტეს“ მეკარემ აიტორ ფერნანდესმა საჯარიმო მოედნის გარეთ ხელით ითამაშა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს, მაგრამ „რეალმა“ მის ნაცვლად კარში ჩამდგარი მცველის რუბენ ვესოს ოსტატობის შემოწმება ვეღარ მოასწრო.
საბოლოოდ, 3:3.
„გიჟური შეხვედრა იყო, — თქვა პრეს-კონფერენციაზე მადრიდელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ, — პირველ ტაიმში თამაშს მშვენივრად ვაკონტროლებდით, შესვენების შემდეგ კი ორი ქულა გავფანტეთ. ძნელი ასახსნელია რატომ მოხდა ასე. ალბათ, იმიტომ, რომ ბოლომდე არ ვიყავით მობილიზებულები. მოედანზე ყურადღება ერთი წუთითაც არ უნდა გაგეფანტოს.
ისკო? დღეს ის ჩვენს გუნდში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მაშ რატომ შევცვალე? ისიც და ბეილიც იმიტომ შევცვალე, რომ მოედანზე დასვენებული მოთამაშეები შემეყვანა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. პრობლემა დაცვის გაფანტულობა იყო.
ვინისიუს ჟუნიორზე იმას გეტყვით, რომ ის ძალიან დიდი ოსტატობით გამოირჩევა, მაგრამ ვერ გეტყვით გახდება თუ არა მაღალი კლასის ბომბარდირი. ასეთი ოსტატობის მქონე ფეხბურთელს გაცილებით მეტი გოლი უნდა გაჰქონდეს.
ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ „რეალითვის“ ის ძალიან საჭირო ფეხბურთელია. ხშირად თამაშის დამთავრება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი დაწყება. ამით იმის თქმა მინდა, რომ შესაძლოა სჯობდეს ვინისიუსი ხშირად სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთოს თამაშში, ვიდრე პირველი წუთიდან მოედანზე იყოს“.