ყველაზე გავლენიანი საფეხბურო აგენტი მინო რაიოლა თითქმის ყველა ვარსკვლავური ტრანსფერის უკან, უფრო სწორედ კი წინ დგას — ნიადაგის მოსინჯვიდან დაწყებული და ფეხბურთელის ხელფას-ბონუსებით დასრულებული გზა მან უნდა გაკვალოს და ფაქტობრივად, პირდაპირ სამედიცინო შემოწმებაზე ჩაიყვანოს ფეხბურთელი.

ამჯერად მისი სახელი ერლინგ ჰოლანდთან დაკავშირებით გახდა აქტუალური. “დორტმუნდის” 20 წლის ვარსკვლავი “რეალს” სურს, მაგრამ ტრანსფერისგან თავს იკავებს მინო რაიოლას მიერ მოთხოვნილი უზარმაზარი საკომისიო თანხის გამო. არცაა გასაკვირი — რაიოლა მისდაწილად ასეთი კალიბრის ვარსკვლავის ტრანსფერში 10-დან 30 მილიონ ევრომდე ითხოვს. სამაგიეროდ, მისმა კლიენტებმა იციან, რომ იტალიური წარმოშობის ნიდერლანდელი მსურველ კლუბს მათთვისაც ზღაპრულ პირობებს დასტყუებს.

მაინც ვინ არის მინო რაიოლა, რომელმაც ამხელა იმპერია შექმნა?

მინო ერთი წლის იყო, როცა მისი მშობლები იტალიიდან ნიდერლანდებში გადავიდნენ საცხოვრებლად და ქალაქ ჰაარლემში პატარა იტალიური რესტორანი გახსნეს. როცა წამოიზარდა, მინო მშობლებს ეხმარებოდა, სანამ 22 წლისამ სპორტულ კომპანია Sports Promotions – ში სფეხბურთო აგენტად არ დაიწყო მუშაობა.

მისი პირველი კლიენტი ბრაიან როი იყო, რომელსაც “აიაქსიდან” იტალიურ “ფოჯაში” გადასვლაში დაეხმარა. ერთი წლისთავზე მისი დახმარებით ვიმ იონკი და დენის ბერხკამპი მილანის “ინტერში” გადაბარგდნენ. მინო რაიოლამ ჩათვალა, რომ დამოუკიდებლად მუშაობისთვის მზად იყო და კომპანიიდან წავიდა.

მისი პირველი დამოუკიდებელი დიდი ტრანსფერი პაველ ნედვედის პრაღის “სპარტადან” რომის “ლაციოში” გადასვლა იყო. ლოგიკურია, რომ წარმოშობით იტალიელმა და მოქალაქეობით ნიდერლანდელმა რაიოლამ პირველი კავშირები ამ ორ ქვეყანას შორის გააბა.

ადამიანებთან ურთიერთობის თანდაყოლილი ნიჭი, უშრეტი ენერგია, შვიდი ენის ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში უაღრესი პრინციპულობა — ამ ყველაფრისგან ქმნიდა წლიდან წლამდე საკუთარ იმპერიას მინო რაიოლა, რომელსაც, ალბათ, თავად არ ახსოვს მისი ყველა ვარსკვლავური კლიენტის გვარი: კრიშტიანო რონალდუ, პოლ პოგბა, ერლინგ ჰოლანდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მარკო ვერატი, ჯანლუიჯი დონარუმა და კიდევ რამდენიმე ათეული.

რაიოლა ჯერ მხოლოდ 54 წლისაა. ასე რომ, საფეხბურთო ბაზარს კიდევ კარგა ხანს მოუწევს მისი გავლენის ქვეშ ფუნქციონირება.