საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მოყვა, რასთან დაკავშირებით ჰქონდა გაცხარებული ლაპარაკი კინგსლი კომანთან, რაც ტელევიზიით მთელმა მსოფლიომ ნახა.

ეს მოხდა ევრო 2020-ზე, საფრანგეთისა და შვეიცარიის ნაკრებთა მერვედფინალური დაპირისპირების დამატებითი დროის შესვენების დროს. მატჩის ძირითადი დრო დასრულდა 3:3, დამატებითში გოლი არ გასულა, პენალტებში კი შვეიცარიელებმა გაიმარჯვეს.

საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა.

გაზეთ „ეკიპთან“ ინტერვიუში დეშამმა თქვა: „მე კომანის შეცვლა მინდოდა. ვერ ვიტყვი, რომ მან უარი თქვა, უბრალოდ კუნთის ტკივილის მიუხედავად თამაშის გაგრძელება სურდა. მე კი მჯეროდა, რომ მტკივანი ადგილი მას პრობლემებს შეუქმნიდა. რამდენიმე წუთში კინგსლი თავად მიხვდა, რომ თამაშის გაგრძელება მართლაც გაუჭირდებოდა.

სრულიად მესმის მისი. მებრძოლია და დანებება არ უნდოდა. აქ ცუდ განზრახვასა და ურთიერთობებზე არ არის ლაპარაკი.

კომანს საფრანგეთის ნაკრებში თავისი ისტორია აქვს. მას ხშირად აწუხებდა ფეხის ტკივილი, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონატიც კი გამოტოვა“.

ინტერვიუს ბოლოს დეშამს პასუხისმგებლობაზე ჰკითხეს. საფრანგეთის ვარსკვლავური ნაკრებისგან ხომ ყველა ჩემპიონობას ელოდა, გუნდი კი მერვედფინალში გამოეთხოვა შეჯიბრებას.

დეშამი: „ამ საკითხზე ვრცლადაც შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ არ ღირს, რადგან ვინმემ შეიძლება ბოდიშის მოხდად ჩამომართვას. ვიცი, რომ გუნდს მე ვხელმძღვანელობდი, მაგრამ საბოდიშოც არაფერი მაქვს. იცით, როდესაც იგებ, ყველაფერი ვარდისფერი არ არის და როდესაც მარცხდები არც მაშინ არის ყველაფერი მუქი. ჩვენი წარუმატებლობა ბევრი რამის ბრალი იყო“.