„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯეიმი ო’ჰარამ უეფას კონფერენციის ლიგას უწოდა შეჯიბრება, სადაც ძაღლი და ღორია შეყრილი (იმ განსხვავებით, რომ ინგლისელები ღორის ნაცვლად იხვებს ამბობენ), რითაც პორტუგალიაში, „პასუშ დე ფერეირასთან“ 0:1 მარცხს პირი მობანა.
„სფურზმა“ „პასუშ დე ფერეირასთან“ პირველი შეხვედრა წააგო, მაგრამ აქ ორი მომენტია აღსანიშნავი. ჯერ ერთი ლონდონელებმა მეორე შემადგენლობით ითამაშეს და მეორეც, 26 აგვისტოს შინ საპასუხო მატჩი ელით, სადაც შეუძლიათ მდგომარეობა გამოასწორონ.
პორტუგალიაში გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლოს ლუკას სილვამ გაიტანა.
ო’ჰარამ, რომელიც talkSPORT-ის მიმომხილველია, თქვა: „ტოტენჰემის მარცხი რასაკვირველია უხერხულია, მაგრამ არ მადარდებს. ეს ხომ ძაღლების და ღორების თასია. ნეტავ, ვის უნდა მასში მონაწილეობა“?
„ტოტენჰემის“ ახალმა მწვრთნელმა, ნუნუ ესპირიტო სანტომ შემადგენლობა მთლიანად შეცვალა. ამას დაამატეთ ის, რომ ჰარი კეინი, რომლის გარშემოც ბოლო დროს სატრანსფერო ხმაურია, მწვრთნელმა შინ დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ კეინმა „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში ევროთასის შეხვედრაში არ ითამაშა. ეს შესაძლოა მართლაც მის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლაზე მიანიშნებდეს.
ესპირიტო სანტო: „ჩემი მიზანი იყო ფეხბურთელებისთვის სათამაშო დრო მიმეცა. მე ისინი დავტვირთე, რათა უკეთ მოემზადონ. რასაკვირველია, ყველაფერს დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენ ყველა მოთამაშე მზად გვჭირდება“.