როგორც გაირკვა, covid 19-ის საწინააღმდეგო აცრის მნიშვნელობა ბევრმა თვით ინგლისურ საფეხბურთო სამყაროშიც ვერ დაიჯერა. ეს ამბავი კლუბების გაბრაზებასა და გაღიზიანებას იწვევს.

დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის სამი მეოთხედი უკვე ორჯერ არის აცრილი და ალბათ ამიტომაც ვხედავთ ტელეეკრანებზე ძველებურად გადავსებული სტადიონებს.

„სანმა“ კვლევა ჩაატარა. გაზეთმა დარეკა ოთხი ზედა დივიზიონის კლუბებში და მათ მეპატრონეებს, თავმჯდომარეებს ან აღმასრულებელ შეფებს ელაპარაკა. როგორც გაირკვა, ყოველ გუნდში არის 5-7 ფეხბურთელი, რომელიც აცრაზე უარს ამბობს.

კლუბები მათ ვაქცინაციას ვერ აძალებენ, მაგრამ „სანთან“ საუბარში, ყველა თავმჯდომარემ თუ მწვრთნელმა თქვა, რომ ნანობს ამის უფლება რომ არ აქვს.

ანტივაქსერი ფეხბურთელების გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ მათ უმეტესობაზე სოციალურ ქსელებში წაკითხული ინფორმაცია მოქმედებს. არის მცირე ნაწილი (სავარაუდოდ არაბრიტანელები), რომლებზეც ოჯახები ზემოქმედებენ.

რასაკვირველია, აუცრელ ფეხბურთელთა ნაწილს კოვიდი სჭირს და ჯერჯერობით ვაქცინას ვერ იკეთებენ.

მეორე ლიგის კლუბი „ჰეროგეიტი“ კი დაავადებამ იმდენად დააზარალა, რომ „კარაბაოს თასზე“ მისი თამაში გაუქმდა, შემდეგ ეტაპზე გასულად კი „როჩდეილი“ გამოცხადდა.

„ჩელსის“ ახალწვეული რომელუ ლუკაკუ ხუთდღიან თვითიზოლაციაშია.

დიდ ბრიტანეთში უცხოეთიდან ჩასულ ზრდასრულ ადამიანებს კარანტინი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ ეხებათ, თუ ორჯერ არიან აცრილები.