მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა გაავრცელა განცხადება, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილს და მათ შორის US OPEN-ს გამოტოვებს.
„ვესაუბრე ექიმებს და მითხრეს, რომ ოპერაცია მჭირდება. რეაბილიტაციის გათვალისწინებით ეს საკმაო დროს წაიღებს და ამ სეზონში ვეღარ ვითამაშებ. მინდა, ჯანმრთელი ვიყო და იმედი მაქვს, რომ დავბრუნდები“, – განაცხადა როჯერმა.
ყველა დროის ერთერთ უდიადეს მეჩოგნეს სიტყვაც არ დასცდენია წასვლაზე. არადა, როჯერი უკვე 40 წლისაა, უკვე ხშირად აწუხებს ტრავმები და რეიტინგშიც მხოლოდ მეცხრე ადგილზეა.
არ გვემეტება ფედერერი იმ გაჯიუტებული ვარსკვლავობისთვის, კორტზე გაცილებით ახალგაზრდა მეტოქეების იოლი ნადავლი რომ ხდებიან. დროულად წასვლაც ნიჭია…
ფედერერის მე-9 ადგილი ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რომ განახლებულ რეიტინგში მესამე ადგილი რაფაელ ნადალს სტეფანოს ციციპასმა ჩამოართვა. პირველი, უწინდებურად ნოვაკ ჯოკოვიჩია, მეორე, რუსი დანილ მედვედევი.