ცუდი ამბის მოსმენა გინდათ თუ ცუდი ამბის? ინგლისური „დეილი მეილის“ აზრით, „ბარსელონას“ ხელმძღვანელთა ბოლოდროინდელი პრეს-კონფერენციები დაახლოებით ასე მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, ორშაბათს, კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ჰგავდა იმ ადამიანს, რომელსაც მდგომარეობიდან გამოსასვლელად გეგმა მოფიქრებული აქვს და თან გაცეცხლებულია. მან თავის წინამორბედ ჟოზეპ მარია ბარტომეუს შეუტია.
ლაპორტამ თქვა, რომ დღეს „ბარსელონას“ ქონება მინუს 451 მილიონი ევროა, რაც ფაქტობრივად გაკოტრებას ნიშნავს — კლუბმა ყველა აქტივი რომ გაყიდოს, ვალს ვერ დაფარავს.
„ბარსა“ სპორტული ასოციაცია კი არა, კომპანია რომ ყოფილიყო, „კამპ ნოუსთვის“ ახლავე ფასი ექნებოდა მისაკრავი.
ლაპორტას ყოველთვის უყვარდა თქმა, რომ ბარტომეუს ხელში „ბარსელონა“ სამმილიარდიანი კლუბია, სადაც ერთი მილიარდი შემოსავალია, მეორე მილიარდი გასავალი, ხოლო მესამე მილიარდი ვალი. ახლა, პანდემიის კრიზისის შემდეგ, შემოსავალი აღარ არსებობს, ვალი კი იზრდება.
„მაგრამ, რამდენიმე წელიწადში ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღდება“, — რიხიანად თქვა პრეზიდენტმა. კლუბმა ლეო მესისთან მორიგი მრავალმილიონიანი ხელშეკრულება აღარ გააფორმა და ვალების რესტრუქტურიზაციასაც თავი გაართვა.
ლაპორტა: „ჯერ დავრწმუნდით, რომ სხვა გზა აღარ გვქონდა და ნაბიჯი მხოლოდ ამის მერე გადავდგით. ის, რაც მესისთან დაკავშირებით მოხდა სამწუხარო, მაგრამ გარდუვალი იყო. კლუბი ხომ ყველაზე მაღლაა. სხვამხრივ შეიძლებოდა დიდი რისკის წინაშე დავმდგარიყავით. ნაბიჯი, რომელიც გადავდგით გამოსავალია, თუმცა დრამატული. მესი რომ დაგვეტოვებინა, ის ჩვენთან კიდევ ორ წელიწადს დაჰყოფდა, მაგრამ არ გვექნებოდა დღევანდელი სიტუაცია რომლის წყალობითაც მდგომარეობიდან გამოვალთ.
ბოლოს და ბოლოს, მესი ხომ ორწლიან კონტრაქტზე დაგვყაბულდა, ასე რომ ორი წლის შემდეგ მაინც მის გარეშე უნდა დაგვეწყო ცხოვრება. რასაკვირველია, მესისა და „ბარსელონას“ ურთიერთობა იყო უმშვენიერესი სიყვარულის ისტორია, მაგრამ ეს ცხოვრებაა, ცხოვრებაში კი ყველაფერი ხდება.
ვნახე, რომ ლეო „პარი სენ ჟერმენში“ ბედნიერია. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ მას“.
ლაპორტამ გაიმეორა, რომ მას მდგომარეობიდან გამოსვლის სტრატეგიული გეგმა აქვს და კლუბს სტატუსის შეცვლა არ ემუქრება. „ბარსელონა“ ყოველთვის მისი წევრების საკუთრება იქნება.
რაც შეეხება რონალდ კუმანის სატრანსფერო სურვილებს.
ლაპორტა: „ჩვენ გადავდივართ 1:4 პრინციპზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ 100 მილიონს ვიშოვნით, მხოლოდ 25 მილიონის დახარჯვის უფლება გვექნება“.
ამავე პრინციპით, თუ „ბარსელონა“ გაუშვებს ფეხბურთელს, რომელიც იღებდა 10 მილიონ ევროს, გაჩნდება შესაძლებლობა მის ნაცვლად აიყვანოს ახალი მოთამაშე, რომელიც 2,5 მილიონს დაყაბულდება. ასე გადაიხადეს კატალონიელებმა მემფის დეპაისა და ერიკ გარსიას რეგისტრაციის თანხები.
გამოდის, რომ რაც უფრო ბევრ ზედმეტ ფეხბურთელს გაუშვებს „ბარსელონა“ ან რაც უფრო მეტი ვარსკვლავი მოიქცევა ჟერარდ პიკესავით ანუ ხელფასს მოიკლებს, მით უფრო დაეზოგება კლუბს ახალი მოთამაშეების რეგისტრაციის ფული.
და კიდევ, როდესაც ლაპორტა აცხადებს, რომ პრეზიდენტის პოსტზე მისვლის დღეს წარმოდგენა არ ჰქონდა კლუბის საქმეები ასე ცუდად თუ იყო, ალბათ უნდა დავუჯეროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაში სჭირდებოდა ერლინგ ჰოლანდის აგენტთან შეხვედრა? დღეის გადასახედიდან ეს შეხვედრა ხომ სასაცილოდ ჩანს და მეტი არაფერი.
და ბოლოს: „ბარტომეუმ დაწერა რვა პუნქტიანი წერილი, რომელშიც რვავე პუნქტი ტყუილია. ძალიან ცუდია, რომ ასეთი წერილის ავტორი არის პრეზიდენტი, რომელმაც კლუბისგან ნანგრევები დატოვა.
გაიხსენეთ, მან ნეიმარის გაყიდვით 222 მილიონი ევრო მიიღო და მთელი თანხა სინათლის სისწრაფით გაფლანგა. ჩვენ კი უკონტროლო გადასახადები და ვეებერთელა ხელფასები დაგვიტოვა“, — თქვა ლაპორტამ.