„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი ვარსკვლავი რაფაელ ვარანი პრემიერლიგის პირველ შეხვედრას სტადიონზე, „ოლდ ტრეფორდზე“ დაესწრო, მაგრამ ტრიბუნაზე არ გასულა, თამაშს ტელევიზორში უყურა.

„ოცნებათა თეატრად“ ცნობილ სარბიელზე გადაღებული ფოტოებიც ამას ადასტურებს — 28 წლის ფრანგს მოედნისთვის არც გადაუხედავს. ზოგმა თქვა, თავიდან, რამდენიმე წუთს ცოცხლად უყურაო, მაგრამ ამისი საბუთი არ არსებობს.

ვარანი „ოლდ ტრეფორდზე“ იმავე დილით წარადგინეს, შემდეგ კი „იუნაიტედმა“ „ლიდსს“ 5:1 მოუგო. მანჩესტერელთა ხუთი გოლიდან ოთხში საგოლე გადაცემა ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის მფლობელის თანამემამულემ პოლ პოგბამ შეასრულა.

ვარანი და პოგბა 2018 წელს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ერთად გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები.

„იუნაიტედმა“ ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ვარანი სტადიონზეა, მაგრამ ფეხბურთს ტელევიზორში უყურებს და მიაწერა: „მოგეწონა რაც ნახე, რაფაელ?“

იგივე ფოტო კლუბამდე თავად ვარანმა ატვირთა ინსტაგრამზე.

რასაკვირველია, ვარანს ასე მოქცევისთვის მიზეზი ექნებოდა, მაგრამ ფანებს რა გააჩერებდა. მათ სოციალურ ქსელებში მარჩიელობა დაიწყეს. იყო სიბრაზენარევი პოსტები. ზოგ მათგანში დაბნეულობა იკითხებოდა.

რაფაელ ვარანმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მანკუნიანელებმა „რეალს“ მასში 42 მილიონი გირვანქა გადაუხადეს.

ვარანი „იუნაიტედში“ 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რადგან მისთვის სასურველი 4 ნომერი ფილ ჯონსმა ცოცხალი თავით არ დათმო.

„მე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან კლუბში გადავედი. მისი სახელით პრემიერლიგაში თამაში ის შანსი იყო, რომელსაც ხელიდან ვერ გავუშვებდი.

კარიერაში კიდევ ბევრი ტიტულის მოგება მინდა და ვიცი, რომ შევუერთდი გუნდს, სადაც დიდი ფეხბურთელები თამაშობენ. დარწმუნებული ვარ, რომ აქ ისეთსავე თავდადებას და მონდომებას ვნახავ, როგორსაც დაჩვეული ვიყავი.

მწვრთნელსაც ველაპარაკე. მან ამიხსნა, თუ რამხელა პროგრესი განიცადა გუნდმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

მინდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმატებებში წვლილი შევიტანო და დიდი ისტორიის ნაწილი გავხდე“, — თქვა ფრანგმა.