„მარკა“: „ვალენსია“ სამ ქულას დიდწილად თავის ახალ მეკარეს, 20 წლის გიორგი მამარდაშვილს უნდა უმადლოდეს. ქართველმა რამდენიმე საკვანძო ეპიზოდში გამოიჩინა თავი. მის მიერ მოგერიებულთა შორის, მატჩის მიწურულს, იყო ერთი დარტყმა, როდესაც მეკარემ თავისგან მარჯვნივ, ლამაზი და დაუჯერებელი თამაშით გუნდი სიკვდილისგან იხსნა.
მამარდაშვილი „ვალენსიამ“ ამ ზაფხულს შეიძინა და თავდაპირველი გეგმის თანახმად B გუნდში გაუშვა, მაგრამ მეკარემ მწვრთნელ ხოსე ბორდალესზე შთაბეჭდილება მოახდინა და მანაც მთავარი გუნდის კარი ანდო. ქართველმა გოლკიპერმა ამ საღამოს აჩვენა, თუ რატომ ენდო მწვრთნელი ასე“.
AS: „თამაშის ბოლოს, როდესაც გუნდები ათი ათზე დარჩნენ, „ხეტაფემ“ ორჯერ დაარტყა მასპინძელთა კარისკენ. თავიდან არამბარიმ სცადა ბედი, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ კი, როდესაც დრო ფაქტობრივად ამოწურული იყო, მეორე გუნდიდან მოყვანილმა მეკარემ, მამარდაშვილმა, „ვალენსია“ ინსტინქტისა და რეფლექსის წყალობით გადაარჩინა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის მთავარ გოლკიპერს იასპერ სილესენს სეზონი გაუმწაროს.
„მუნდო დეპორტივო“: „…მამარდაშვილმა უგო დუროს დარტყმის დროს გაიბრწყინა. ქართველმა მეკარემ ორმაგი სეივით 94-ე წუთზე ისევ გადამწყვეტი როლი შეასრულა”.
აი, ასე დაიწყო ესპანეთის ჩემპიონატი, რომელშიც აქამდე, ოფიციალურად, სამ ქართველ ფეხბურთელს ჰქონდა ნათამაშები: გიორგი დემეტრაძეს (200-02), შოთა არველაძეს (2007-08) და გიორგი ქოჩორაშვილს, რომლის დებიუტიც ფორმალურად 2020 წლის 12 ივლისს „ლევანტეს“ შემადგენლობაში „ბილბაოს“ წინააღმდეგ შედგა. ის თამაშის მიწურულს შეიყვანეს მოედანზე.
„ვალენსიამ“ მადრიდულ „ხეტაფეს“ 1:0 მოუგო. „მარკას“ შეფასებით ეს იყო „ველური“ თამაში, რომლის სიგიჟეებიც მე-3 წუთზე დაიწყო, როდესაც მასპინძლებს კაცი გაუგდეს; მეთერთმეტე წუთზე კი „ხეტაფეს“ კაში VAR-ის გადამოწმებული „ლაითი“ პენალტი დანიშნეს.
თერთმეტი მეტრიდან კარლოს სოლერმა მშვიდად და ოსტატურად გაიტანა.
მოვლენებით არცთუ მწირ თამაშში, ქართველმა გოლკიპერმა თავი გამოიჩინა, რაშიც შეგიძლიათ, ქვემოთ, ვიდეოთი დარწმუნდეთ.
76-ე წუთზე გუნდებში ფეხბურთელების რაოდენობა გათანაბრდა — მსაჯმა მეორე ყვითლის გამო მადრიდელი ერიკ კაბაკო გააგდო.
„ვალენსიასა“ და „ხეტაფეს“ მოკლე მიმოხილვაში „მარკამ“ დაწერა: „მართალია, ლეო მესი წავიდა, მაგრამ ეს კვლავ ლა ლიგაა, მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი. მაშ ასე, 2021-22 წლების სეზონი ოფიციალურად დაიწყო!“