იაპონელ მიუ გოტოს ოლიმპიური ჩემპიონის მედალს შეუცვლიან და ახალს გადასცემენ.

20 წლის გოგონამ თავისი ქვეყნის სოფტბოლის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და მშობლიურ ქალაქ ნაგოიაში საზეიმო შეხვედრა მოუწყეს. ინციდენტიც სწორედ ამ ღონისძიების მსვლელობისას მოხდა.

ქალაქ ნაგოიას მერი ტაკაში ნაკამურა სცენაზე ავიდა, ჩემპიონის მედალი გულზე დაიკიდა, პირბადე ჩამოიხსნა და ოქრო კბილით მოსინჯა. გამხიარულებულმა მერმა გოგონას უტაქტო შეკითხვაც დაუსვა, გაქვს თუ არა რომანტიკული ურთიერთობების უფლებაო.

შედეგად, მერზე მოქალაქეებისგან შვიდი ათასზე მეტი საჩივარი შევიდა ანტივირუსული წესების დარღვევისა და სექსიზმის ბრალდებით.

მერმა უკვე მოიხადა ბოდიში და პირობა დადო, ახალი მედლის დამზადების სრულ ხარჯებს საკუთარ თავზე ავიღებო.