„ლივერპულის“ მწვრთნელს იურგენ კლოპს თავი ქუდში აქვს. ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი „ენფილდ როუდზე“ რჩება. 30 წლის ფეხბურთელმა მერსისაიდულ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ვან დაიკის ძველ კონტრაქტს ვადა 2023 წელს ეწურებოდა. ინგლისური მას-მედიის ცნობით, მხარეები თანამშრომლობის ორი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
ვან დაიკი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრალურ მცველად ითვლება, მაგრამ ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და 2020 წლის შემოდგომაზე ოპერაცია დასჭირდა. ის ინგლისის ნაკრებისა და „ევერტონის“ მეკარესთან ჯორდან პიკფორდთან შეტაკების გამო დაშავდა. ეს ტრავმა გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ჰოლანდიელმა ევრო 2020 გამოტოვა.
ვან დაიკმა „ლივერპულის“ ვებ-გვერდზე დაწერა: „სამწუხაროდ, გასული სეზონი იმდენად საშინელი გამოვიდა, რომ ჯობს დავივიწყო. მაგრამ, მე „ენფილდზე“ თავს ბედნიერად ვგრძნობ და კიდევ რამდენიმე წელიწადს ვისიამოვნებ აქ ყოფნით“.
ვირჯილ ვან დაიკის არყოფნა „ლივერპულისთვის“ მძიმე დარტყმა გამოდგა. ფეხბურთელი, რომელმაც 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის მოპოვებასა და 2020 წელს პრემიერლიგის ჩემპიონობაში უდიდესი როლი შეიტანა, გუნდში იმდენად დიდ როლს თამაშობდა, რომ მის გარეშე „წითლები“ მესამე ადგილს დასჯერდნენ.
14 აგვისტოს „ლივერპული“ ახალ სეზონს იწყებს. მერსისპირელებს პირველი თამაში ნორვიჩში აქვთ და ვან დაიკს არაფერი უშლის ხელს ამ შეხვედრაში მონაწილეობა რომ მიიღოს. მან სეზონისწინა მომზადებაში სრულყოფილად მიიღო მონაწილეობა და სამივე ტესტ-მატჩი ჩაატარა.