ესპანეთში ფეხბურთის კლუბთა უჩვეულო შეკრება ჩატარდა, რომელიც თითქმის 11 საათს გაგრძელდა და საინვესტიციო ფონდ CVC-თან ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დასრულდა.

საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობას ხმა მისცა 38-მა კლუბმა, რაც, რასაკვირველია, აბსოლუტური უმრავლესობაა.

წინააღმდეგნი წავიდნენ „ბარსელონა“, „რეალი“, „ბილბაო“ და „ოვიედო“.

როგორც ვთქვით, ორი ბობოლა კლუბის (პლუს „ბილბაო“ და „ოვიედო“) წინააღმდეგობის დაძლევა „პატარებს“ დიდ ძალისხმევად დაუჯდათ. მრავალსაათიანი დავა-კამათის შემდეგ, CVC დათანხმდა არ ჩარეულიყო იმ კლუბების 10%-სა აუდიო-ვიდეო უფლებებში, რომლებმაც კონტრაქტს ხელი მოაწერეს.

სხვა სიტყვებით, „ბარსელონას“, „რეალს“ „ბილბაოსა“ და „ოვიედოს“ ხსენებული ხელშეკრულება არანაირად არ შეეხებათ.

იმავდროულად, „ბარსელონა“, „რეალი“, „ბილბაო“ და „ოვიედო“ ერთ ცენტსაც ვერ მიიღებენ იმ 2,7 მილიარდი ევროდან, რომელიც ლა ლიგას CVC-გან შემოუვა.

თავის მხრივ, CVC ხელშეკრულების გარეთ დარჩენილი კლუბების შემოსავალზე ხმასაც არ ამოიღებს.

ლა ლიგასა და CVC-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. კლუბებს, რომლებმაც ხელშეკრულებაზე თანხმობა განაცხადეს, უფლება აღარ აქვთ, ითამაშონ სხვა ორგანიზაციების დაფუძნებულ შეჯიბრებებში. ადვილი მისახვედრია, რომ ლაპარაკია სუპერლიგაზე. როგორც ჩანს, ძაღლის თავიც ზუსტად აქ არის დამარხული.

ხელშეკრულების თანახმად, კლუბები, რომელთაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს, 50 წლით ლა ლიგასთან არიან შეკრულები.