ლეო მესი ახალ კლუბში წარადგინეს. არგენტინელის პარიზში ჩასვლის დღე მოვლენებით გადატვირთული გამოდგა. ვერ გეტყვით იფეთქებს თუ არა კოვიდი საფრანგეთის დედაქალაქში ახალი ძალით, მაგრამ ფეხბურთელს აეროპორტსა და სტადიონთან ასობით გულშემატკივარი დახვდა.

მესიმ „პარი სენ ჟერმენთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გაგრძელების ვარიანტს ითვალისწინებს. პლანეტის ექვსგზის საუკეთესო მოთამაშე ამ ორ წელიწადში 100 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს.

„ბარსელონას“ ყოფილ კაპიტანს საკონტრაქტო თანხის სახით 30 მილიონი ევრო ჩაურიცხეს, ხოლო ხელფასად, თუ ბრიტანულად, კვირების მიხედვით ვიტყვით, 650 ათასს გადაუხდიან.

34 წლის ვარსკვლავმა „პარი სენ ჟერმენის“ საიტზე თქვა: „ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ აქ, პარიზში, ჩემი კარიერის ახალი თავის წერას. კლუბი და მისი ხედვები ჩემს ამბიციებს იდეალურად ეხამება. კარგად ვიცი, თუ რა ნიჭიერ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან მომიწევს მუშაობა. მოწადინებული ვარ, პარიზელი კლუბისა და ფანებისთვის რაღაც დიდი გავაკეთო. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც „პარკ დე პრენსის“ მოედანზე გავალ“.

სოციალურ ქსელებში გაჟონა მესის ფოტომ „პარი სენ ჟერმენის“ ფორმაში, რამაც კლუბს პრეს-კონფერენციის დროის გამოცხადება და ქმედებები ცოტა დააჩქარებინა. როგორც კი ხსენებული სურათები გასაჯაროვდა, „პარი სენ ჟერმენი“ იძულებული გახდა თავის საიტზე ოფიციალური ფოტოები და სხვადასხვა კადრები გამოექვეყნებინა.

„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ თქვა: „ბედნიერი ვარ ლიონელ მესიმ „პარი სენ ჟერმენში“ გადმოსვლა რომ გადაწყვიტა. მას და მის ოჯახს პარიზში მივესალმები.

ის არ მალავს თავის სურვილს ძველებურად განაგრძოს უმაღლეს დონეზე თამაში და ტიტულების მოგება. ჩვენი კლუბის ამბიციაც ზუსტად იგივეა.

ლეოს ჩვენს ვარსკვლავებით სავსე გუნდში გადმოსვლა პსჟ-ს საკადრო პოლიტიკის გამართულობაზე მიუთითებს.

ჩვენს დიად მწვრთნელთან (მაურისიო პოჩეტინოსთან) და სტაფთან ერთად, გულშემატკივრებისა და მთელი მსოფლიოსთვის ახალი ისტორიის შექმნას ვეშურებით“.

სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით კიდევ იმის თქმა შეიძლება, რომ გულშემატკივრისთვის ცნობილი გახდა მესის თვითმფრინავის დაშვების ადგილი, ლე ბურჟეს აეროპორტი და თავიანთი კერპის სანახავად იქითკენ ბევრი ადამიანი დაიძრა.

უამრავი ადამიანი შეიკრიბა „პარკ დე პრენსის“ გარეთაც, მიმდებარე ქუჩებზე. მესი პარიზში ჩავიდა მაისურით, რომელსაც ეწერა Ici c’est Paris ანუ ეს არის პარიზი. გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებულს პოლიციის გაძლიერებული ესკორტი აცილებდა.