დღეს ლეო მესი „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელის რანგში წარადგინეს. საგანგებო პრეს-კონფერენციაზე არგენტინელმა თქვა, რომ მისი მთავარი ამბიცია  ჩემპიონთა ლიგის მეხუთედ მოგებაა. მან აგრეთვე დასძინა, რომ აღფრთოვანებულია თავდასხმაში ნეიმარისა და კილიან მბაპეს მხარდამხარ თამაშის პერსპექტივით.

მესი „ბარსელონაში“ 2014-17 წლებში უკვე იყო მრისხანე ტრიოს წევრი, რომელსაც MNS-ს უწოდებდნენ. ეს სამეული შედგებოდა თავად მესისგან, ზემოთ ხსენებული ნეიმარისა და ლუის სუარესისგან. ახლა ის კვლავ თავისი მეგობრის, ნეიმარის მხარდამხარ შეუტევს მოწინააღმდეგეთა კარს, ლუის სუარესს კი კილიან მბაპე ჩაანაცვლებს.

მესი:  „თავდასხმაში ნეიმარისა და მბაპეს მხარდამხარ თამაში ნამდვილი სიგიჟეა. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც სამივენი ერთად გავალთ მოედანზე“.

34 წლის ვარსკვლავმა თქვა, რომ ერთ-ერთი არგუმენტი, რომლის გამოც მან „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა გადაწყვიტა იყო ნეიმარი, თუმცა „პარკ დე პრენსზე“ მას სხვა მეგობრებიც ეგულება.

„პარიზული გუნდის გასახდელში ბევრი ნაცნობი მყავს. რასაკვირველია, როდესაც ამ გუნდის მოთამაშეთა გვარებს ვკითხულობ, მღელვარება მიპყრობს.

რომელი ერთი ჩამოვთვალო: ნეიმარი, ანხელ დი მარია, ლეო პარედესი…“

მიზნებზე: „მე და პსჟ-ს ერთი და იგივე მიზნები გვაქვს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მათ ერთად მივაღწევთ.

ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგებაა. ვფიქრობ, დღეს „პარი სენ ჟერმენს“ ჰყავს ისეთი შემადგენლობა, რომელსაც ამ სიმაღლის დაპყრობა შეუძლია“.

კითხვაზე, როდის შეძლებს „პარი სენ ჟერმენის“ გულშემატკივარი მისი თამაშის ცოცხლად ნახვას, მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელმა კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავი შეიკავა. მან თქვა:

„არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში „კოპა ამერიკაზე“ გამოსვლის შემდეგ ერთი თვეა არ მივარჯიშია. გუშინ „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელებს ველაპარაკე და შევუთანხმდი, რომ სეზონისწინა მზადებას დამოუკიდებლად შევუდგები. იმედი მაქვს, რომ მოედანზე გასასვლელად რაც შეიძლება მალე ვიქნები მზად, რადგან თავადაც ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ თამაშს. ასე რომ, დღეს ზუსტი თარიღის თქმა არ შემიძლია“.

მესიმ არც მარკო ვერატისთვის დაიშურა ქების სიტყვები: „ვერატი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ერთი ხანობა „ბარსელონაში“ აპირებდა გადმოსვლას, მაგრამ ბედმა პირიქით ინება. ვერატი დიდებული ფეხბურთელია. გარდა ამისა, მე მას პირადადაც ძალიან კარგად ვიცნობ. მის პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები სწორედ აქ, „პარი სენ ჟერმენში“ თამაშობენ.“