ვინ მოთვლის რამდენჯერ გაცხარებულან ერთმანეთზე ლეო მესი და სერხიო რამოსი. ხშირად, ემოცია ზღვარს სცდებოდა. ყოფილა, ერთმანეთზე გაწეულან და ეს  ყველაფერი ელ კლასიკოს სდევდა თან.

15 წელიწადი დასდევდა მოედანზე რამოსი მესის და მართალია, როგორც პროფესიონალს არგენტინელის უმაღლესი ოსტატობა შეუძლებელია ვერ შეეფასებინა, დიდად არ ეპიტნავებოდა არგენტინელი. არც მესი გამოირჩეოდა რამოსის სიყვარულით.

მაგრამ, გავიდა დაპირისპირებისა და შუღლის წლები და ბედმა ორივეს მისთვის ჩვეული ირონიული ფინტი ჩაუტარა — ამ ზაფხულს, რამოსს მისმა საყვარელმა „რეალმა“ აღარ გაუგრძელა კონტრაქტი და ის „პარი სენ ჟერმენს“ შეუერთდა; იმავე ზაფხულს არც მესის გაუგრძელა კონტრაქტი მისმა საყვარელმა „ბარსელონამ“ და როგორც ამბობენ, რამდენიმე დღეში ისიც პარიზში გადაბარგდება. რამოსი და მესი, როგორც ჩანს, თანაგუნდელები გახდებიან.

მოხდება ის, რასაც ელ კლასიკოების ოხშივარში მთელი გულით ჩართული გულშემატკივარი ვერაფრით წარმოიდგენდა — ესპანელი და არგენტინელი თანაგუნდელები გახდებიან და ერთად გაილაშქრებენ სხვებზე.

რამოსი ცხოვრებაში პირველად გამოცდის, თუ რა კარგია, როდესაც ლეო მესი შენი მეტოქე კი არა, თანაგუნდელია. აღარც მესის დაემუქრება რამოსის ხისტი, საკუთარი თავისა და სხვისი დანდობა გამოცლილი ფეხბურთი.

რამოსი ბევრჯერ დაჯახებია სწრაფ და ტექნიკურ მეტოქეს. წაუქცევია, გადაუთელავს. ის, მესის მოცელვის გამო ორჯერ გაუძევებიათ კიდეც მოედნიდან.

პირველად ის 2010 წელს გააგდეს, როდესაც „კამპ ნოუზე“ „ბარსელონამ“ „რეალს“ 5:0 მოუგო. მაშინ, მსაჯის წამატებულ დროში, როდესაც მადრიდელი ფეხბურთელები თავს უკვე შეურაცხყოფილად გრძნობდნენ, მესიმ რამოსს მორიგი ფინტი ჩაუტარა, რაც მან ვეღარ მოითმინა და მეტოქე შურისძიების მიზნით მოჩეხა.

მეორედ, რამოსმა ზღვარგადასული თამაშისთვის წითელი ბარათი 2017 წელს იხილა. „ბარსელონამ“ „რეალს“ ახლა უკვე ბერნაბეუზე მოუგო (2:1) და რამოსი ამ შეხვედრაში მესის შეტყუპებული ფეხებით  „დაესხა თავს“.

იმავე წელიწადს მადრიდელი მესიზე ძალიან გაბრაზდა, როდესაც გაიგო, რომ მას „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებისთვის „რეალთან“ თამაშის წინ გამამხნევებელი მესიჯი გაუგზავნია — ეს გახლდათ მატჩი, რომლის შედეგს საჩემპიონო ბრძოლაზე დიდი გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა.

უფრო ზუსტად, „რეალი“ „ბარსელონას“ ორი ქულით უსწრებდა და თუ „ატლეტიკო“ გაიმარჯვებდა, კატალონიელებს ჩემპიონობის შანსი მიეცემოდათ. რამოსმა მესის მიერ ასეთი მესიჯების გაგზავნა ბინძურ საქციელად ჩათვალა და ვინ იცის მორიგი პირადი შეხვედრის დროს რას იზამდა „რეალი“ იმ წელიწადს ჩემპიონი რომ არ გამხდარიყო.

თუმცა, ხალხმა მესისა და რამოსის ყველაზე დიდი კონფლიქტი ალბათ მაინც 2019 წელს ნახა, როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“, მარტო პირველ ტაიმში, ისინი ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მეორე ეპიზოდში მესის გაუმართლა მსაჯმა ყვითელი ბარათი რომ არ ამოუღო.

ინციდენტი ასეთი გახლდათ: რამოსმა მესის ბურთი წაართვა, ოღონდ  „რეალის“ კაპიტანს მესის სახეზე ხელი მოუხვდა. მესის ეტყობა მწარედ მოხვდა,  ჯერ მოედანზე იწვა, შემდეგ კი მოთმინება დაკარგა და ჩხუბი დაიწყო. წყვილი გასაშველებელი გახდა. თამაშის შემდეგ, რამოსმა თქვა:

„მესისთვის ხელის შეხება გუნებაშიც არ მქონია, მაგრამ მან ეპიზოდი ვერ აიტანა და წაიქცა. საბოლოოდ, ყველაფერი მსაჯმა შეაფასა და ჩემთვის ეს ინციდენტი აქ მთავრდება“.

მესის რამოსი რომ არ უყვარს, შარშანაც გამოჩნდა, როდესაც კითხვაზე, თუ ვინ იყო მისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე, ნაკლებად ცნობილი პაბლო მაფეო დაასახელა. ეს კაცი „შტუტგარტს“ ხან „ჟირონაში“ ჰყავდა იჯარით გაშვებული და ხან „უესკაში“, ახლა კი „მალიორკას“ „ასესხა“. ეტყობა, თავისთვის არ სჭირდება.

ამ მაფეოს ესპანეთის ნაკრებში ერთი თამაშიც კი არ აქვს ჩატარებული.

ადრე, რამოსი მესის ასეთივე დამოკიდებულებით  პასუხობდა. როდესაც ეკითხებოდნენ, ვინ იყო ყველაზე მოუხელთებელი თავდამსხმელი, რონალდინიოს, სამუელ ეტო’ოს და ზლატან იბრაჰიმოვიჩს ასახელებდა, ბარსელონელი კი არც ახსენდებოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს, ასაკში რომ შევიდა, დამშვიდდა და TNT სპორტთან ინტერვიუში მესის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა. დიდი ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მიყვარდა და მესი ერთ-ერთი მათგანიაო.

აი, მესის რამოსზე კეთილი სიტყვა ჯერჯერობით არ წამოცდენია.