34 დღიანი პაუზის შემდეგ, ერონული ლიგის გათამაშება განახლდა. ამ ხნის განმავლობაში სახარბიელო ბევრი არაფერი მომხდარა. ქართული კლუბები წლეულსაც ნაადრევად დაემშვიდობნენ ევროთასებს. ცხადია, „ბათუმის“ გარდა. ზღვისპირელებს 12 აგვისტოს, დიდგორობის 900 წლისთავზე უწევთ კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრა თურქეთში, „სივასპორთან“ (პირველი მატჩი – 1:2).
განსაკუთრებით გულდასაწყვეტია თბილისის „დინამოს“ მორიგი სირცხვილი. მაგრამ, თუ კლუბის საკადრო პოლიტიკას გავითვალისწინებთ, ეს მოსალოდნელიც იყო. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ერთ დროს ევროთასის მომგებ გუნდს, ევროპაში აღარაფერი ესაქმება და ლოკალური მოთამაშე გახდა. ამ ლოკალურობაშიც თმობს ნელ-ნელა პოზიციებს.
იყო კიდევ რამდენიმე გამოსარჩევი ამბავი. მაგალითად, „სამტრედია“ ერთბაშად ათმა ფეხბურთელმა დატოვა. სამაგიეროდ, სხვა მოთამაშეებთან ერთად დაიმატეს გიორგი არაბიძე, რომელიც ბოლო დროს საერთოდ გაქრა თვალთახედვიდან. არადა, თავის დროზე საქართველოს ნაკრებში 4 შეხვედრაში 3 გოლი გაუტანია…
თითქოს პატრონი გამოუჩნდა ქუთაისის „ტორპედოს.“ 13 ივლისს კლუბმა თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გვამცნო: „ტორპედოსა“ და კომპანის „ნიუ ვიჟენს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია სპონსორობას გაუწევს „ტორპედოს.“ ამ გადაწყვეტილებით კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები მოგვარებულიაო…
მანამდე „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ აპირებდა იმავეს. ქუთაისის მერიას კი კლუბი სააუქციონოდ გამოაქვს… გაურკვეველი ვითარებაა. იმედია, ამჯერად მაინც ეშველება რამე „ტორპედოს.“
რახან „ტორპედო“ ვახსენეთ, სწორედ „ტორპედო“ – „თელავის“ მატჩით დასრულდა ორშაბათს 22-ე ტური. უშუალო კონკურენტთა შეხვედრაში სტუმარმა თელაველებმა იმარჯვეს 0:1. ერთადერთი გოლი შეცვლაზე შესულმა შოთა შეყილაძემ გაიტანა 79-ე წუთზე. თელაველთა მაისურა პირველად მოირგო 32 წლის ბრაზილიელმა ახალწვეულმა ნათან ჟუნიორმა, რომელიც ადრე „სამტრედიის“ ღირსებას იცავდა.
კახური კლუბი, რომელიც ცოტა ხნის წინათ ცხრილის ფსკერზე დალექილიყო, გასავარდნ ზონას მოსცილდა. ეს მათი ზედიზედ მეექვსე წაუგებელი შეხვედრა გახლდათ ეროვნულ ლიგაში. ამ ექვსიდან კი ოთხი მოგებაა. „ტორპედო“ მიჯრით მესამედ დამარცხდა. შინ კი უკვე ზედიზედ მეხუთე მატჩი ვერ მოიგო.
გაიმარჯვა ჩემპიონობის ორივე კანდიდატმა და ლიდერთა სატურნირო განლაგებაში არაფერი შეცვლილა. „ბათუმმა“ „სამტრედიას“ აჯობა 3:1 და 46 ქულით კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშების ცხრილს. ამ შეხვედრაში ორი ავტოგოლი გავიდა, რაც იშვიათობაა. ჯერ სამტრედიელმა ანდრო გიორგაძემ „გამოიჩინა თავი,“ შემდეგ კი ბათუმელმა გაგი მარგველაშვილმა.
სხვათა შორის, ამ ტურში კიდევ ორი ავტოგოლი ვიხილეთ. ქობულეთელმა კახაბერ კაკაშვილმა და საბურთალოელმა დმიტრი მანდრიჩენკომაც „ივაჟკაცეს.“
4 ავტოგოლი ხუთ მატჩში ნამეტანია.
„სამტრდიაში“ დიდი ცვლილებებიაო – ვთქვით, მაგრამ ჯერჯერობით გიორგი ცეცაძის გუნდი გავარდნის მთავარი კანდიდატია. მათ ზედიზედ მეექვსე შეხვედრა წააგეს.
„დინამომ“ პრინციპული დაპირისპირება მოუგო „საბურთალოს“ (2:1) და ყველა ტურნირში ზედიზედ ხუთმარცხიანი სერია შეწყვიტა. კახა ცხადაძის გუნდი 2 ქულით ჩამორჩება ლიდერს.
მიჯრით მეოთხედ იმარჯვა „დილამ“ და კვლავ საევროთასო მესამე ადგილზე დგას. დუბლი მიითვალა გორელმა ნიკა გაგნიძემ. „სამგურალთამ“ მატჩში ერთი უსიამოვნო ეპიზოდიც მოხდა, ორთაბრძოლისას ფეხი მოიტეხა სტუმართა განელმა მცველმა, რომარიკ ეტოუმ, რომელიც სტადიონიდან პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანეს,
მოიგო „დილას“ უშუალო კონკურენტმა „ლოკომოტივმაც.“ როგორც ზემოთ ვთქვით, „რკინიგზელებს“ გამარჯვება ქობულეთელი კახაბერ კაკაშვილის ავტოგოლმა მოუტანა. 43-ე წუთზე კი მსაჯმა შუქურელ ბექა ვარშანიძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მინდვრიდან დაითხოვა.
სამგურალი 1:3 დილა
0:1 კამარა (15), 1:1 ფონიავა (23 პენ), 1:2, 1:3 გაგნიძე (60, 90+2)
ლოკომოტივი 1:0 შუქურა
1:0 კაკაშვილი (29 საკ. კარში)
გაძევება: ვარშანიძე (შუქურა)
დინამო 2:1 საბურთალო
1:0 მანდრიჩენკო (14 საკ. კარში), 1:1 ცნობილაძე (41), 2:1 ბარნსი (51)
ბათუმი 3:1 სამტრედია
1:0 გიორგაძე (16 საკ. კარში), 1:1 მარგველაშვილი (28 საკ. კარში), 2:1 მამუჩაშვილი (81), 3:1 ნიქაბაძე (90+5)
ტორპედო 0:1 თელავი
0:1 შეყილაძე (79)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 36 | 21 | 12 | 3 | 73:27 | 75 |
დინამო | 36 | 21 | 7 | 8 | 59:28 | 70 |
დილა | 36 | 17 | 10 | 9 | 48:35 | 61 |
საბურთალო | 36 | 15 | 12 | 9 | 52:40 | 57 |
ლოკომოტივი | 36 | 15 | 8 | 13 | 57:59 | 53 |
თელავი | 36 | 12 | 8 | 16 | 35:53 | 44 |
სამგურალი | 36 | 9 | 14 | 13 | 34:46 | 41 |
ტორპედო | 36 | 9 | 13 | 14 | 38:44 | 40 |
შუქურა | 36 | 5 | 12 | 19 | 28:49 | 27 |
სამტრედია | 36 | 5 | 6 | 25 | 33:76 | 21 |
მეგოლეები: გიორგი ფანცულაია (ბათუმი) – 10, ზორან მარუშიჩი (დინამო) – 9, გიორგი გაბედავა (დინამო) – 8, დმიტრი მანდრიჩენკო (საბურთალო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 7