No description available.ესეც 36! „ევროპის რაგბის“ სუპერთასის რეგლამენტის თანახმად, ტურნირის მონაწილე გუნდის განაცხადში სწორედ ამდენი მორაგბე უნდა ირიცხებოდეს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, განაცხადში მინიმუმ 36 მოთამაშე უნდა იყოს, თორემ გაფართოებულ შემადგენლობაში 40 და 50-იცაა დაშვებული.

აქამდე ვიუწყებოდით, რომ პირველ ქართულ სარაგბო ფრენჩაიზ „შავ ლომთან“ კონტრაქტი 34-მა მოთამაშემ გააფორმა, ახლა კი მათ 2 ნიჭიერი ახალგაზრდაც დაემატა და განაცხადის მინიმალური მოთხოვნები ამით დაკმაყოფილდა.

„შავ ლომს“ შეუერთდნენ 22 წლის ბურჯი ნიკა აბულაძე და 20 წლის მგეზავი ლუკა მატკავა.

აბულაძე იმავდროულად ბოლნისის „ყოჩების“ წევრიცაა და გაზაფხულზე, რუმინეთთან შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენობაში სადებიუტო კეპიც მოიხვეჭა.

რაც შეეხება მატკავას, 20 წლის მგეზავი რამდენჯერმე მოხვდა ბორჯღალოსანთა გაფართოებულ რაზმში, თუმცა ოფიციალურ მატჩში აქამდე მონაწილეობა არ მიუღია. ლუკა გასულ სეზონში მარნეულის „არმაზის“ ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი მექულე გახლდათ და საერთოდაც, ის თავისი თაობის ერთ-ერთ უნიჭიერეს წარმომადგენლად მიიჩნევა.

ასე რომ, „შავი ლომი“ შეივსო და ემზადება სუპერთასის სტარტისთვის, რომელიც არცთუ შორსაა – ჯგუფური ეტაპის პირველი ტური 18-19 სექტემბერს გაიმართება.