მთელი მსოფლიო მოიარა კადრებმა, სადაც ლეო მესი „ბარსელონასთან“ გამოსათხოვარ პრეს-კონფერენციაზე ტირის. პლანეტის ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელს ცხვირსახოცი დარბაზში მჯდომმა მეუღლემ ანტონელა როკუცომ მიაწოდა.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ ბარსელონაში ვრჩებოდი. აქ ჩემი სახლია… ჩვენი სახლი აქ არის. მე „ბარსაში“ მინდოდა დარჩენა და გეგმაც ეს იყო, მაგრამ დღეს, აქ გატარებული მთელი ცხოვრების შემდეგ, იძულებული ვხდები გამოსამშვიდობებელი სიტყვები ვთქვა“.

მთელს მსოფლიოში გავრცელებული აზრის თანახმად მესის მომდევნო გუნდი იქნება „პარი სენ ჟერმენი“. ამბობენ, რომ მასთან შეთანხმებას აღარაფერი აკლია. პარიზელები უკვე დალაპარაკებიან ფეხბურთელის მამასა და მისი ბედის ავან-ჩავან ხორხე მესის.

ცნობათა თანახმად პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის მფლობელს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა და გასამჯელოდ საკონტრაქტო 25 მილიონ ევროს პლუს ხელფასად სუფთა (დაქვითვის შემდეგ) 25 მილიონს სთავაზობს.

მესიმ თქვა: „დიახ, „პარი სენ ჟერმენი“ შესაძლებელი ვარიანტია. ამ წუთას გადაწყვეტილი არაფერია. მას მერე, რაც „ბარსელონამ“ ჩემი წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, უამრავი ზარი შემოვიდა. ჩვენ ამ ყველაფრის შესახებ ვლაპარაკობთ“.

შემდეგ, არგენტინელს „ბარსელონასთან“ ვერშემდგარი ხელშეკრულების შესახებ ჰკითხეს. მან უპასუხა:

„ჩემი ახალი კონტრაქტი შეთანხმებული იყო. ყველაფერი მზად იყო. მე დარჩენა მინდოდა და როდესაც შვებულებიდან დავბრუნდი, ყველაფერი მოგვარებული დამახვედრეს. შემდეგ კი, როგორც ჟოან ლაპორტა ამბობს, მდგომარეობა ბოლო წამს შეიცვალა და ლა ლიგის რეგულაციების გამო ხელშეკრულება ვეღარ გაფორმდა.

მე, ჩემი მხრიდან, ყველაფერი გავაკეთე, რომ „ბარსელონაში“ დავრჩენილიყავი“.

რაც შეეხება „ბარსელონაში“ შექმნილ სიტუაციას. ჰქონდა თუ არა მას რაიმე გაუგებრობა კლუბთან?

მესი: „კლუბთან პრობლემა ნამდვილად არ მქონდა. ნებისმიერი მოლაპარაკებული დეტალი მაწყობდა. ყველაფერზე შეთანხმებულები ვიყავით. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ „ბარსელონაში“ ვრჩებოდი. ხელშეკრულებამ ხორცი ლა ლიგის კანონების გამო ვერ შეისხა“.

რაც შეეხება იბიცაზე „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელებთან, ნეიმართან, ლეანდრო პარედესთან, ანხელ დი მარიასთან და მარკო ვერტისთან ერთად გადაღებულ ფოტოს,  მესიმ მასზე თქვა, რომ ეს უბრალო დამთხვევა იყო და მეტი არაფერი.

„ეს სრული დამთხვევა იყო. მეგობრებთან ერთად ვისვენებდი. ფოტოს გადაღება გადავწყვიტეთ. ისინი გამეხუმრენ, პარიზში გადმოდიო. ეს მასხარაობა იყო და მეტი არაფერი“.