29 წლის ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიუ 2013-18 წლებში „ლივერპულში“ ბრწყინვალედ თამაშობდა, შემდეგ კი „ბარსელონაში“ გადავიდა და… ხელი მოეცარა. ესპანური მედიის ცნობით, ახლა ის შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს. „მუნდო დეპორტივო“ წერს, რომ თავდამსხმელის ყიდვა „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ სურს.
„ტოტენჰემს“ კოუტინიუს შესაძენი ფული შეიძლება ინგლისის საუკეთესო თავდამსხმელის ჰარი კეინის „მანჩესტერ სიტიში“ გაყიდვით გამოუჩნდეს. ჩრდილო ლონდონელები კეინის სანაცვლოდ 160 მილიონ გირვანქას ითხოვენ. რასაკვირველია, დიდი შანსია, რომ მათ ამდენი ფულს არავინ გადაუხდის, მაგრამ 100 მილიონს პლუს ფეხბურთელის მიღება ნამდვილად შეუძლიათ.
მეორე მხრივ, „სფურზს“ თანხის მთლიანად აღება ურჩევნია, რადგან გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ვერ გავიდა, ევროპის კონფერენციის ლიგაში მონაწილეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მილიონები დააკლდა.
კოუტინიუს „ლივერპულის“ შემდგომ კარიერაში მუხლის ტრავმამ შეუშალა ხელი. ფეხბურთელი ახლა გრძნობს, რომ უკვე კარგად არის და სურს თავისი ოსტატობა მთელს მსოფლიოს შეახსენოს. როგორც მის ბანაკში ამბობენ, საამისოდ მაინცდამაინც „ბარსელონაში“ დარჩენა სავალდებულო არ არის.
ბრაზილიელი „ბარსაში“უცხო სხეულივით იყო. 2019-20 წლების სეზონში კატალონიელებმა ის იჯარით „ბაიერნშიც“ გაუშვეს, მაგრამ არც ზაბენერ შტრასეზე დარჩნენ მისი თამაშით დიდად კმაყოფილები.
თუმცა, არის ერთი ნიუანსი: „ბარსელონადან“ მესი წავიდა და ახლა, კატალონიელთა გუნდში თითოეულ ნიჭიერ ფეხბურთელს უფრო გაუფრთხილდებიან, ვიდრე აქამდე უფრთხილდებოდნენ. ამბობენ, რომ რონალდ კუმანი კოუტინიუს ალმაცერად სულაც არ უყურებს. ამიტომ, არც ის არის გამორიცხული, რომ ბრაზილიელი „კამპ ნოუზე“ დარჩეს, თუმცა ეს მაინც ნაკლებად სავარაუდოა.
დადის ხმები, რომ ინგლისში კოუტინიუს შეძენით დაინტერესებულია „ლესტერ სიტი“, იტალიაში კი „ინტერი“.