ბოლო წლების გაუთავებელი დოპინგ-სკანდალები, გაუმართლებელი სიძვირე და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოუქნელი პოლიტიკა – ეს არის ის, რამაც დასავლეთს თავისთან ოლიმპიადების ჩატარების სურვილი გაუქრო.
2013 წლიდან მოყოლებული ევროპის ექვსმა ქვეყანამ ერთი მეორეს მიყოლებით (ზოგან სულაც რეფერენდუმის საფუძველზე) 2022 და 2026 წლების ზამთრის ოლიმპიადების მასპინძლობისთვის ბრძოლაზე უარი განაცხადა. პანდემიამ კი ცხადად აჩვენა, რომ თუკი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სასწრაფოდ რეფორმებს არ გაატარებს, ოლიმპიურ მოძრაობას გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მიადგეს.
ტოკიოს თამაშები ყველაზე არასასურველი გამოდგა თანამედროვე ისტორიაში: იაპონიაში მისი გაუქმების ან სულ მცირე, ხელმეორედ გადადების მომხრე მოსახლოების 80% იყო. კიდევ 28 ქვეყანაში, სადაც მსგავსი გამოკითხვა ჩატარდა, მოქალაქეთა უმეტესობა თამაშების მასპინძლობის წინააღმდეგ წავიდა. ამგვარი დაბალი ინტერესი ოლიმპიადის მიმართ, არასდროს დაფიქსირებულა.
მოსახლეობის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, იაპონიის მთავრობამ ოლიმპიადის ჩატარება საბოლოოდ იმის გამო გადაწყვიტა, რომ ინვესტორების მხრიდან ზეწოლას ვერ გაუძლო და თამაშების ჩაშლისთვის უზარმაზარ ჯარიმას აერიდა.
გავიხსენოთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დიდი გაჭირვებით „დააბინავა“ 2022 წლის ზამთრის თამაშები. მას მერე, რაც საკუთარი კანდიდატურები გაიწვიეს პოლონეთმა, შვედეთმა, გერმანიამ, შვეიცარიამ და ნორვეგიამ, პრეტენდენტებად მხოლოდ პეკინი და ალმა ათა დარჩნენ. მოგვიანებით ავსტრიამ და შვეიცარიამ 2026 წლის თამაშებიდანაც მოხსნეს კანდიდატურები.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ოლიმპიურ თამაშებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამართულ, თანმიმდევრულ ეკონომიკურ ეფექტს. ეს ნიშნავს, რომ ადგილი, სადაც თამაშები ტარდება, მეტ პოპულარობას იძენს შემდგომი ღონისძიებების ჩატარებისთვის და მათ შორის – პოლიტიკურსაც. ამ მხრივ ზამთრის ოლიმპიადების დედაქალაქების ეკონომიკური პოტენციალი შედარებით ნაკლებია. შეზღუდულია ზამთრის სახეობათა პოპულარობაც. ამასთანავე ზამთრის თამაშებს საკმაოდ შეზღუდული აუდიტორია ჰყავს, მაგალითად, აფრიკის კონტინენტზე და სამხრეთ ამერიკაში.
სპორტული სანახაობები კვლავ ყველაზე მოთხოვნადად რჩება მსოფლიოში, მაგრამ პარალელურად სულ უფრო ხშირად ისმის არგუმენტები, რომ ოლიმპიადების გამართვა გაუმართლებლად დიდ დანახარჯებს მოითხოვს, მათი მემკვიდრეობა ზედმეტად ძვირად არის შეფასებული და სპორტული მიღწევები უკვე აღარ წარმოადგენს საერთაშორისო სარბიელზე სიამაყის საგანს.
შეიძლება თუ არა ეს სიტუაცია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის განგაშის ნიშნად მივიჩნიოთ და როგორ შეიძლება შეიცვალოს ვითარება?