ტოკიოს XXXII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ რვა მედალი მოიპოვა, ისტორიაში ყველაზე მეტი. გუნდურ ჩათვლაში ჩვენებმა 33-ე ადგილი დაიკავეს, თუმც, ისიც ვთქვათ, რომ რეიტინგით 28-ე ადგილს გვანიჭებდნენ.
ერთი ოქროც და 25-ე ადგილზე გავიდოდით, ხოლო ორი ოქროთი – ოცეულში შევდიოდით, რაც ძალიან მაგარი შედეგი იქნებოდა. აღსანიშნი ფაქტია, რომ ჩვენებმა 5 ფინალი წააგეს.
პოსტსაბჭოურ ქვეყნებში საქართველო მხოლოდ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდსა და უზბეკეთს ჩამორჩა, რომელმაც ერთადერთი ოქროთი ბოლო დღეს გადაგვასწრო. სამაგიეროდ, ვაჯობეთ ისეთ მძლავრ ქვეყნებს, როგორებიც არიან უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. მართალია, უკრაინას 19 მედალი აქვს, მაგრამ ოქროსი – ერთი. საპირისპიროდ, ჩვენზე ნაკლები მედალი ჰქონდა უზბეკეთს, მაგრამ სამი ოქროსი.
ორი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი – ასეთია ჩვენი მონაგარი ტოკიოში. ახლა სეოკ-ს ახალი დევიზი აქვს – უკეთ, ვიდრე ტოკიოში. ვნახოთ, რა იქნება პარიზში, რომელიც 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.
ოქროების მხრივ საქართველო სარეკორდო მაჩვენებელს ვერ შეწვდა. უმაღლესი სინჯის მედლებით პეკინის ოლიმპიადა ყველაზე წარმატებულია – ჩინეთის დედაქალაქში სამი უმაღლესი სინჯის მედალი მოვიპოვეთ. ტოკიოში ამ შედეგის გაუმჯობესების შანსი იყო – ახლოსაც ვიყავით, გავიმეოროთ, ჩვენებმა ხუთი ფინალი წააგეს.
ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი შეკრა – ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო. ნინო სალუქვაძე მსოფლიოში ერთადერთი ქალია, რომელიც 9 ოლიმპიადაზე გამოვიდა.
სულ საქართველოს დელეგაციას ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 40 მედალი აქვს მოპოვებული: 10 ოქრო, 12 ვერცხლი და 18 ბრინჯაო. აქედან, 19 მოჭიდავეების ანგარიშზეა, 12 ძიუდოისტების, 7 ძალოსნების, თითო მოკრივეებისა და მსროლელების.
ტოკიოში ყველაზე უკეთ ამერიკელები გამოვიდნენ: 39 ოქრო, 41 ვერცხლი, 33 ბრინჯაო (სულ 113). მეორეზე ჩინელები გავიდნენ: 38-32-18 (88). აშშ-მ ერთი ოქროს მედლით აჯობა ჩინეთს.
სამეულში მოხვდა იაპონია, მეოთხეზე დიდი ბრიტანეთი გავიდა, მეხუთეზე – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდი. ათეულში მოხვდნენ ავსტრალია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, გერმანია და იტალია.
ჯამში მედალი 93-მა ქვეყანამ მოიპოვა, აქედან ოქროს მედალი 63-ს ერგო, საიდანაც ორი ჩვენ…
პარიზამდე…